საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
"უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!
ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!
სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ცნობისთვის: ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მხრიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბლეის სხდომის წაყვანის ფაქტის გაპროტესტების შედეგად, ასამბლეა დღეს არ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც.
„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.

























