მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უმრავლესობა "ვალების განულებას" ერთდროულად დადებით მოვლენად და ხმების მოსყიდვად აფასებს

5cab649499323
შოთა ტყეშელაშვილი
08.04.19 19:16
1225
შეიძლება თუ არა ერთი და იგივე მოვლენა მოსახლეობამ შეაფასოს დადებითად და ამასთანავე, მას წინასაარჩევნოდ ხმების მოსყიდვის შეფასება მისცეს? - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს შესაძლებელია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 63% პროექტს დადებითად, 18% ნეიტრალურად, 15% კი, უარყოფითად აფასებს.



TI საქართველომ მოსახლეობას დამაზუსტებელი კითხვაც დაუსვა და მათ შესაფასებლად ორი წინადადება წარუდგინა:

წინადადებას - "ვალების ჩამოწერის ინიციატივა, უპირველესად, მმართველი პარტიის მიერ მოსახლეობაზე ზრუნვა (​ ჭარბვალიანობასთან ბრძოლა​) იყო"

ეთანხმება - 31%

წინადადებას - "ვალების ჩამოწერის ინიციატივა, უპირველესად, მმართველი პარტიის მიერ ადამიანების ხმების მოპოვების მცდელობა წინასაარჩევნოდ"

ეთანხმება - 54%



არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება - 2%

გარკვეულწილად ორივეს ეთანხმება - 7%

არ ვიცი/უარი პასუხზე - 7%

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა “ფონდმა ქართუმ” 2000 ლარამდე ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის დაპირება გასცა. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ფონდმა საქართველოს პრაქტიკულად ყველა საფინანსო დაწესებულებასთან დადო გარიგება და მათში არსებული ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი იყიდა.

პროექტის დასრულებიდან სამი თვის შემდეგაც არ იცის საზოგადოებამ თუ ზუსტად რამდენი მილიონი დახარჯა “ქართუმ” ამ პროექტზე. საჯაროდ მხოლოდ 100 მილიონი ლარი დასახელდა, რაც ფონდმა პროგრამის დაწყებამდე დაარეზერვა. ასევე, უცნობია თუ რა ნაწილი იყო ჩამოწერილ ვალებში ძირი თანხა და რა დარიცხული ჯარიმა/საურავები. ვებ გვერდ vali.ge-ის მონაცემებით, სულ 615,164 ფიზიკური პირის 1,387,296 ერთეული სესხი განულდა, ჩამოწერილი თანხა კი, 4,104,429,484 ლარს შეადგენს.


კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. გამოიკითხა 2087 ადამიანი; ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები