დღეს „ქართული ოცნების" ოფისში დანიშნულ უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის ფარგლებში ჩატარებას ითვალისწინებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, საინტერესოა ყველა ის საკითხი, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე უნდა იქნას განხილული.
დღევანდელ სხდომაზე ასევე იმ დეპუტატებს მოუსმენენ, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ვოლსკის ინფორმაციით, სხდომაზე, განიხილავენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და პროცესებს.
"ჩვენ კოლეგებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ გვითხრან იმის შესახებ, ვინმეს მართლა ეგონა, რომ პარლამენტმა სასამართლო უნდა ჩაანაცვლოს და აქედან გამომდინარე შეიკავა თავი თუ სხვა გარემოებები და მოსაზრებები არსებობს. ზოგი განცხადება, რომელიც ტელევიზიით მოვისმინეთ, ვფიქრობ, არ არის საკმარისი და საჭიროა უფრო სიღრმისეული შეფასება მოვისმინოთ. ასევე უმნიშვნელოვანესი თემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რადგან, ამას სერიოზული პროცესი ახლავს თან. ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს და ამ პოზიციას დავიცავთ",-აცხადებს ვოლსკი.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემაზე კონსულტაციების დაწყების თარიღს, გია ვოლსკის თქმით, ამ დროისთვის კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს, თუმცა ამბობს, რომ გუნდი მზადაა და ინტენსიურად ემზადება. ამასთან, ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს მზაობა, რომ კონსულტაციების პროცესში ჩაერთოს.
უმრავლესობის სხდომა დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.
წყარო:ipn.ge

























