უმსხვილესმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Cassa Depositi e Prestiti-მა (CDP) საქართველოში პირველი ინვესტიცია განახორციელა. იტალიის საელჩოს ინფორმაციით, Cassa Depositi e Prestiti-სა და "თიბისი ლიზინგს" შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია თბილისში გაიმართა.
შედეგად, "თიბისი ლიზინგმა" 10 მილიონი ევრო მოიზიდა. საელჩოს ინფორმაციით, ეს ინიციატივა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა და ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერებაა.
როგორც იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ აღნიშნა, იტალიის ინდუსტრიისთვის მცირე და საშუალო საწარმოები უაღრესად მნიშვნელოვანია.
"CDP-სა და "თიბისი ლიზინგის" პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად პრიორიტეტულია ეს სექტორი იტალიის სახელმწიფოსთვის და თვალნათლივ აჩვენებს იტალიის სურვილს, გაუზიაროს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება პარტნიორ ქვეყანას, საქართველოს, რომელიც გამოირჩევა დინამიკური მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებით.
ვიმედოვნებთ, რომ ფინანსურ ბაზარზე წვდომის გამარტივებით, ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ბენეფიციარი საწარმოების განვითარებას, რაც ნათლად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და, ზოგადად, ქართული საზოგადოების კეთილდღეობაზე. მოხარული ვარ, რომ იტალიას, CDP-ს სახით, შეუძლია საკუთარი წვლილი ამ დარგშიც შეიტანოს და ამით კიდევ ერთხელ დაადასტუროს იტალიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა და პოზიტიური თანამშრომლობა.“, - აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ.