პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტატისტიკის სამსახურს უმუშვერობის დონის დათვლისას „ფარული უმუშევრობის“ კომპონენტის დამატებას სთხოვს. როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ „ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში განაცხადა, საქსტატის არსებული მეთოდოლოგიით საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 12%-ს შეადგენს, ფარული უმუშევრობის კომპონენტის დამატებით კი ეს რიცხვი 30%-მდე იზრდება.
"ცნობილია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში 20%-ია, მსხვილის კი 80%. ეს ცალსახად მიუთითიებს იმაზე, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში მაღალია. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი წილი თავს უმუშევრად მიიჩნევს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით კი ეს ციფრი 12%-ია.
დასავლეთის სახელმწიფოები ასევე იკვლევენ ფარულ უმუშევრობას, საქართველოში კი მისი გამოკვლევა არ ხდება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვთვლით, რომ უნდა დაემატოს რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის ფარული უმუშევრობის. ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა თითქმის სინონიმია ფარული უმუშევრობის.
ჩვენ ვთვლით, რომ გვყავს თვითდასაქმებული პირები, რომლებიც ღებულობენ შემოსავალს რომელიც საკამრისი არაა და უბრალოდ ცდილობენ, რომ თავი გაიტანონ.
ფარულ უმუშევართა წილი დაახლოებით მილიონი ადამიანია ქვეყანაში. მილიონამდე ადამიანი ამ დათვლებში მონაწილეობას არ ღებულობს. საჭიროა ხელისფლების ნება, რომ ფარული უმუშევრობაც იქნას გამოკვლეული და ჩვენი გამოკვლევით საქართველოში უმუშვერობის დონე 30%-ია", - განაცხადა მელიქიძემ.

























