უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით,- ამის შესახებ საქსტატის სამუშაო ძალის მაჩვენებლების ანგარიშშია აღნიშნული.
ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი ქალებში, ხოლო კაცებში - 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.6%-ს და 17%-ს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2025 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.4%-ს, ხოლო კაცებში 66.5%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში არ შეცვლილა.
I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.8 პროცენტული პუნქტით და შეადგენს 39.3%, ხოლო კაცებში – 0.4 პროცენტული პუნქტით, 55.2%-მდე.
საქართველოში 2025 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 14.7 პროცენტი შეადგინა.