2027 წელს საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და UN Tourism-ის გენერალური მდივანი შაიხა ნასერ ალ ნუვაისი შეთანხმდნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკონომიკისა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმის ფარგლებში თემატურ კონფერენციებს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.
მინისტრმა სტუმარს სასწავლო - შემეცნებითი და ტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერებინა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნეს კომპონენტებს.
"ქუთაისის ტექნოჰაბში არსებული სასწავლო პროგრამების, ასევე TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობაზე პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ გამართა. როგორც საუბრისას აღინიშნა, ქუთაისის ტექნოჰაბს გახსნიდან თითქმის 2 თვის განმავლობაში 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, მათ შორის, ქუთაისში ჩამოსული უცხოელი ტურისტები. ხაზი გაესვა, რომ ტექნოჰაბის მიმართ ინტერესი მზარდია და ის ქალაქში ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.
მარიამ ქვრივიშვილი და შაიხა ნასერ ალ ნუვაისი საერთაშორისო ბაზრებზე გასული ქართული სტარტაპების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და მათთან სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პირობები განიხილეს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმყოფებოდნენ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც ასევე შეხვედრა გაიმართა ინოვაციურ სტარტაპერებთან.
„მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში მივაღწიეთ შეთანხმებას გენერალურ მდივანთან და საქართველო 2027 წელს აღნიშნულ შენობაში - ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის, რაც წაახალისებს ტურიზმის ცნობადობის ზრდას, წაახალისებს საქართველოში მიმდინარე ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სექტორს, ისევე როგორც დაეხმარება ადგილობრივ სტარტაპერებს, რომ დაამყარონ კონტაქტები საერთაშორისო კომპანიებთან“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ასევე საერთაშორისო კომპანიებს უმასპინძლოს, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება იქნება.
























