დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, შესაძლოა, სებ-ში დაბრუნდეს. ამ უწყების სებ-ის დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა, თუმცა როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-თან აცხადებს, ამის შესახებ საუბარია კულუარებში.
იმას, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები განიხილება, ადასტურებს კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძეც. თუმცა, მისი თქმით, უმჯობესი იქნება უწყება დამოუკიდებელ სტრუქტურად დარჩეს.
„მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, არის რამდენიმე ვერსია. ვისურვებდი, რომ იყოს ცალკე სტრუქტურა, რომელიც იქნებოდა დაზღვევის სექტორის მარეგულირებელი და ექნებოდა უფრო მაღალი სტატუსი, ვიდრე მას დღეს გააჩნია. მინდა, რომ მაქსიმალურად ვიყოთ გამიჯნული საბანკო სექტორისგან. თუ ეს იქნება ეროვნულ ბანკში, რა თქმა უნდა მოხერხდება, თუმცა, მაინც ვფიქრობ, უფრო ნაკლიანი იქნება, ვიდრე ცალკე მდგომი წარმონაქმნი“,- აცხადებს ვასილ ახრახაძე.
სადაზღვევო კომპანია „პე-ეს-პე დაზღვევის“ ხელმძღვანელი სოფიო ლებანიძე კი ფიქრობს, რომ მთავარია უწყება ეფექტიანი იყოს და არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა ის სებ-ის დაქვემდებარებაში.
„მთავარია ეფექტური მარეგულირებელი არსებობდეს, რადგან დაზღვევა არის ფინანსური ინსტიტუცია და აუცილებელია ამ თვალსაზრისით სახელმწიფო რეგულირების არსებობა“,- აცხადებს ლებანიძე.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს 2013 წლის მარტში გამოეყო.

























