რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შევა. ქართული მხარე პროგნოზირებს, რომ ამას საქართველოში რუსი ტურისტების შემცირება მოჰყვება.
ამასთან საუბარია იმაზე, რომ რუსი ტურისტები საქართველოში საშუალოდ დაახლოებით 1300-1400 ლარს ხარჯავენ, რაც ბევრად ჩამორჩება მაგალითად ევროპიდან შემოსული ტურისტების მიერ საქართველოში ვიზიტისას საშუალოდ დახარჯულ თანხებს.
მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად რეკლამდებოდა რუსეთის ბაზარზე და ამაში ათეულობით მილიონია დახარჯული.
სწორედ ამიტომ, საინტერესოა, რამდენად გამართლებულად მიაჩნიათ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს მეზობელ ქვეყანაში თანხების ხარჯვა?
პაატა კოკაია, სასტუმროების ქსელ Inn Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი:
“ის თანხა, რაც რუსეთში ჩაიდო, უკვე ბევრჯერ არის ამოღებული და აქ არასწორს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, ყველამ ვიცოდით, რომ ეს არის ერთჯერადი შემოსავლები, როცა ძირითადი სამსახური სხვა გაქვს და ეს არის დამატებითი შემოსავალი. ვიცოდით, რომ რუსულ ბაზარზე არ ვიქნებოდით დამოკიდებული, დღეს ან ხვალ ეს გაჩერდებოდა.
რომ ვიანგარიშოთ, მილიონ 400 ათასი ტურისტი(წელიწადში) და თითოეულის მიერ საშუალოდ დახარჯული 1300 ლარი, კი ხედავთ, არის 2 მილიარდ ლარამდე. ამიტომ, ვფიქრობ, იმ თანხამ საკუთარი თავი გაამართლა. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ არ უნდა ჩადებულიყო”.
ანდრო ჯიშკარიანი, სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resorts-ის დამფუძნებელი”
“2019 წელს არცერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე, ეს საკმაოდ კარგია. ჩვენ ხომ დივერსიფიკაციაზე ვსაუბრობთ? რუსეთიც ისეთივე ერთ-ერთი ბაზარია, საკმაოდ დიდი და მსხვილი, როგორც სხვა ნებისმიერი ბაზარი.
გეთანხმებით, რომ არასტაბილური, თუმცა, ამ დახარჯულმა თანხმა თავისი თავი ბევრჯერ ამოიღო. პიარი არსად არ შეგვიშლის. თუმცა, გრძელვადიან პერსპეტივას რომ ვუყუროთ, ევროპა ძალიან, ძალიან სიანტერესო ბაზარია, რადგან აქ არის ისეთი ხელუხლებელი ბაზარები, როგორიც არის ავსტრია, სკანდინავიის ქვეყნები, ამ ბაზრებზე საქართველოს ცნობადობა არის დაბალი. თუმცა, აქ მაღალხარჯვითუნარიანი ტურისტებია და საკმაოდ საინტერესოა ამ ბარზებზე მარკეტინგული კამპანიების გააქტიურება”.

























