მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნდა დატოვონ თუ არა საპენსიო სისტემა მაღალშემოსავლიანებმა? - სურგულაძე დეპუტატს პასუხობს

5d35c9b7c044c
ბექა ბაციკაძე
22.07.19 18:34
1047
„დღეს შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დიდი ფინასური რესურსი, ხოლო 20 წლის შემდეგ სულ სხვანაირი იყოს მისი ფინანსური მდგომარეობა” - ასე გამოეხმაურა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე დეპუტატის და “პე-ეს-პე” ჯგუფის დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, მაღალშემოსავლიანმა პირებმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა დატოვონ.

სურგულაძის აზრით, სქემის დატოვება ყველას პირადი არჩევანია და ის კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილების სისწორეს ვერ შეაფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ საპენსიო სისტემა მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის: კახა ოქრიაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც საპენსიო სისტემა დატოვეს.

„როგორ ფიქრობთ, ადამიანს, რომელსაც პირობითად 100 მლნ აქვს, საპენსიო ფონდში უნდა დარჩეს?“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი და სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი BM.GE-ისთან დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების საკითხს.

როგორც ოქრიაშვილი განმარტავს, საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ მის მსგავსად მაღალშემოსავლიანმა პირებმა სისტემა უნდა დატოვონ.

„მე მაღალშემოსავლიანი ადამიანი ვარ და ამავდროულად, დაგროვებითი პენსია არსებობს, რომელიც შენია და არადაგროვებითი პენსიის ნაწილში არსებობს 600 ლარამდე პარლამენტარის პენსია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პენსია უნდა ავიღო, როდესაც მე მილიონობით შემოსავალი მაქვს? მიმაჩნია, რომ მდიდარმა ადამიანებმა უარი უნდა თქვან ამ საპენსიო ანაზღაურებაზე და პენსია საპენსიო ფონდს დარჩეს. 600 ლარი შესაძლოა არაფერია, მაგრამ ეს სიმბოლური ჟესტია. ვფიქრობ, რომ საპენსიო რეფორმა აუცილებელი იყო და მხარს ყველა უჭერდა. ასე, რომ ჩემს პოლიტიკურ და პირად გადაწყვეტილებას ნუ ავურევთ ერთმანეთში. მე დიდი შემოსავლები მაქვს და ზოგადად პენსიაზე უარს ვამბობ. სირცხვილია უბრალოდ, რომ ეს ავიღო", - განმარტა ოქრიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები