მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უნდა დაუთმოს სახელმწიფომ, ხაზარაძემ უნდა დათმოს რაღაცა - შეიძლება წილების გადანაწილება მოხდეს"

5ca7969c66899
თელარა გელანტია
06.04.19 00:21
1966
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ანაკლიის პორტის პროექტის გადასარჩენად ყველაფერი უნდა ვიღონოთ.

ამის შესახებ პაპაშვილმა bm.ge-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ყველაფერი ვიღონოთ ბიზნესის გადასარჩენად. ანაკლიის პორტი ვიცით, რომ უმსხვილესია, ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი წამი დაყოვნება, ყოველი ხელმოუწერელი დოკუმენტი და მისი დროში გადავადება, არის მისთვის საფრთხე. ამიტომ მე მამუკას (ხაზარაძე) მხარდასაჭერად ვიძახი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მინდა, რომ ის ღია საკითხები რაც არის სახელმწიფოსთან, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან რომ დალაგდეს, რაღაც უნდა დაუთმონ. რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი ბრწყინვალედ ვერ გაკეთდა კონსორციუმის მიერ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბა, უნდა ჩაიწიხლოს ახლა და უნდა გაჩერდეს ეს საქმე; უნდა დაუთმოს სახელმწიფომ, მამუკამ (ხაზარაძე) უნდა დათმოს რაღაცა - შეიძლება წილების გადანაწილება მოხდეს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ დავაცხროთ მაღალი ტემპერატურა“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

ამ ფონზე სახელმწიფოს რა პოზიცია უნდა ჰქონდეს, როცა ასეთ მასშტაბურ პროექტზეა საუბარი? - ახლა ხომ ყველაზე მთავარია მთავრობის გადაწყვეტილება ანუ რა პოზიცია ექნებათ საერთაშორისო კრედიტორების 8 პუნქტიან მოთხოვნაზე...

როგორი პროექტიც არ უნდა იყოს, სახელმწიფო სრულ კომერციულ რისკს ვერ აიღებს. ძალიან ფაქიზია ახლა რასაც ვიტყვი - ამიტომ ზღვარს როგორ გაავლებენ - ცუდი ცუდად გაავლებს, კარგი - კარგად. აუცილებელია, რომ გაინაწილონ პასუხისმგებლობა. ასი პროცენტით მამუკა ვერ დაფარავს კომერციულ რისკს და სახელმწიფოსაც არ უნდა ეს რისკი ასი პროცენტით აიღოს თავის თავზე იმდენად, რამდენადაც ჩვენ უნდა ვიხადოთ ბიზნესის მიერ გადაუხდელი თანხები;

ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევაზე ვსაუბრობთ...

დიახ, რისკების დაზღვევაზე გეუბნებით; თუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ ვერ იქნა ტრაფიკი უზრუნველყოფილი, ვალდებლება უნდა აიღოს სახელმწიფომ და ამას ასი პროცენტით არცერთ ჩინოვნიკი არ აიღებს.

დონორებს რატომ აქვთ ასეთი მოთხოვნები მთავროასთან?

დონორები ვინ არიან? - ბანკები ხომ? ანუ იმიტომ ითხოვენ, რომ გარანტირებული იყოს მათ მიერ გაცემული სესხი. ყოველთვის ასე იყო, ასე ითხოვენ, მაგრამ უნდა მოველაპარაკოთ... ჩვენი ამოცანა რა არის, რომ მამუკამ და სახელმწიფომ შეძლონ კომერციული რისკების განაწილება. არცერთმა უნდა უთხრას - არა, შენ ასი პროცენტით აიღე რისკი და არა შენ ასი პროცენტით უნდა დათმოო.

არის მსგავსი მზაობა თუ დავაკვირდებით ბოლო პერიოდში რაც ხდება?..

სწორედ ამაზე მიგითითეთ, როცა ვამბობდით, რომ ამის გაცხელება და პოლიტიკური ბატალიები, უმცირესობის და უმრავლესობის დაპირისპირებამდე მიყვანა კი არა, აი, ამ თემებზე საუბარი უნდა იყოს დღე და ღამე. თავში ვერ შევატყვე, რომ სახელმწიფოს ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ახლა არის, მგონი, მზაობა. აქეთ ეროვნული ბანკის ჩართვა და პიროვნული პრობლემები დაემთხვა... ამ წუთას უკვე ყველაფერი ნათელია, ყველაფერი რაც ცხელი იყო, გავიარეთ, ვიჯერეთ გული ქილიკით, ერთმანეთთან დაპირისპირებით და ახლა არის დრო, რომ როგორმე მოახერხონ და სახელმწიფომ და კონსორციუმმა გაინაწილონ კომერციული რისკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები