მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა, - დავრჩეთ საავტორო ღვინოების ქვეყნად, თუ უფრო აკადემიური ბაზა გამოვიყენოთ“ - ხეცურიანი

სომელიე

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახები სრულად აღწერილია. შეკრებილია ინფორმაცია 48 642 ჰა ვენახის, 47 091 მევენახის და 170 174 ნაკვეთის შესახებ.

დარგის წარმომადგენლების თქმით, ვენახების კადასტრი აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის.

სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი & “მარანი ხეცურიანის“ მფლობელი შალვა ხეცურიანი აცხადებს, რომ ახლა ქვეყანამ მუშაობა ე.წ. აპელასიონების განვითარების მიმართულებით უნდა დაიწყოს.

„ეს არის ფუნდამენტი იმისთვის, რომ ამ ინფორმაციის გამოყენებით შესაძლებელი გახადეს ხარისხის პირამიდის აგება. რასაც ჩვენ ვეძახით დაცულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს. ჩვენი ბიზნესი არის ადგილის, ნიადაგის მაგიის ბიზნესი, ის რაც დაიწყო ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში. არაფორმალურად ყველამ იცის კახეთში, იმერეთში თუ ლეჩხუმში, რომ ეს ადგილი იმაზე უკეთესია და ეს განსხვავებები მნიშვნელოვანია მევენახეობისთვის. ეს იქნება ის ფუნდამენტი, რომელზეც შემდეგი ნაბიჯები უნდა დავაშენოთ.

რა ხდება აპელასიონებში, დაცულ ადგილწარმოშობის ღვინოებში და ზოგადად რამდენად გვჭირდება ეს? - ეს არის კონკრეტული ნიშნების მიხედვით ადგილების ერთობლიობა. ჩვენთან ასეთი აპელასიონებია წინანდალი, მუკუზანი, და ა.შ. ახლა მოვიდა დრო გადავწყვიტოთ რა გვინდა. დავრჩეთ საავტორო ღვინოების ქვეყანად, თუ უფრო აკადემიური ბაზა გამოვიყენოთ.

როგორ მუშაობს იგივე საფრანგეთში ეს ხარისხების პირამიდა, როცა ღვინის მოყვარული ხედავს კონკრეტულ ინფორმაციას საიდან არის, უფრო მეტად მოტივირდება და სანდოობა იზრდება. როცა თქვენ გინდათ, კარგი ესპანური ღვინო იყიდოთ და გაიგებთ "პრიორატს", "პოიაკს", "მედოკს" და სხვას ყველაფერი გასაგები ხდება. ეს არ არის მხოლოდ მეღვინეების და სომელიეების გადასაწყვეტი. ეს გადაწყვეტილება მისაღები ექნება ქვეყანას.

ბორდოში არის მიწები, რომელიც ღირს $15-$20ათასი და არის ისეთებიც, რომელიც 6-7 მლნ ღირს, ხშირად ისინი რამდენიმე კმ-შია დაშორებული. ასეთი ტიპის ინფორმაცია მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას ნამდვილად კლასიკური ღვინის ქვეყანა გავხდეთ ამ პრემიალურ სეგმენტში. პრემიალური ღვინო შემთხვევითი არ შეიძლება იყოს, ეს არის მდგრადობა ათწლეულების და ხანდახან საუკუნეების განმავლობაში და ამ მდგრადობის ფუნდამენტი ამ ხარისხის სისტემაა, რომელიც დაფუძნებულია კადასტრზე. ამისთვის გვჭირდება კვლევები, უცხოელების მოწვევა,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში შალვა ხეცურიანმა.

ინფორმაციისთვის, სიტყვა "აპელასიონი" "დასახელებას" ნიშნავს. ეს არის რეგლამენტირებული სისტემა, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე წარმოებულ ღვინოთა ნამდვილობას ადასტურებს. აპელასიონი წარმოადგენს მკვეთრად შემოფარგლულ ტერიტორიას, რომლის შიგნით უნიკალური ეკოსისტემაა ჩამოყალიბებული და მხოლოდ ვაზის მკაცრად განსაზღვრული ჯიშები მოჰყავთ; ყურძენიც განსაზღვრული ოდენობით იკრიფება და ღვინის წარმოებისას მკაცრ ტექნოლოგიურ პროცესს გადის. სასმელს, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, Appellation d'origine Controlee-ს კლასიფიკაციას ანიჭებენ. ამ კატეგორიის ღვინოები საკმაოდ ძვირად ფასობს, მათ წარმოებასა და გაყიდვას საფრანგეთის სახელმწიფო აკონტროლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები