სახალხო დამცველი იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც პოტენციური ინვესტორი ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ანგარიში მხოლოდ სახელმწიფოსთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მოამზადოს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე, სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის ვალდებულების აღება უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს.
„უცვლელი რჩება მშენებლობის სფეროში არსებული უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ხარვეზი, კერძოდ, კვლავ არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რომლითაც მშენებლობის ნებართვის მსურველი ვალდებული იქნება საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტი, ასევე მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ზემოქმედების შეფასება და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები წარადგინოს ადმინისტრაციულ ორგანოში მშენებლობის ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე. არ არის განსაზღვრული იმ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია, მაშინ როცა არაერთი სამშენებლო მასალა ხასიათდება არამდგრადი, წვადი, ტოქსიკური თუ სხვა მავნე ბუნებით.მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ სახიფათო მასალები, რომელთა გამოყენებაც აკრძალული უნდა იყოს სამშენებლო ინდუსტრიაში. მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს გარკვეული ცვლილებების შემუშავება. მნიშვნელოვანია ასევე განისაზღვროს სამშენებლო სფეროში გამოსაყენებლად აკრძალული მასალების ჩამონათვალი.“ - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.