„მიხარია, რომ ამ ეტაპზე, საქართველომ თავისი ერთიანობით, თავისი პოზიტიური ემოციებით აალაპარაკა მთელი მსოფლიო და ნეტა, ყოველთვის ასეთი მიზეზი გვქონდეს“, - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელმა და საქართველოს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, EURO 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებული სტარტით ქვეყანა იმკის იმ შედეგს, რომელიც 8-10 წლის წინ დაიგეგმა.
„საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამამ თავისი მისია შეასრულა და ახლა ახალი ბიძგია საჭირო; მეტი წახალისება უნდა იყოს, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული. ვგულისხმობ პირველ რიგში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას. ყველა მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო - დაწყებული სამწვრთნელო პერსონალიდან, ფიზიკური მომზადების მწვრთნელებით თუ მენტალობის და ფსიქოლოგიური მიმართულებით დამთავრებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ნაკრებს ჰყავს უცხოელი მწვრთნელი. რა თქმა უნდა, ქართველი სპეციალისტების შრომას ძალიან დიდ პატივს ვცე, მაგრამ გამოწვევებისთვის უცხოელი მწვრთნელი აღმოჩნდა მზად.
მომავალში რაც შეიძლება მეტი ქართველი მწვრთნელი უნდა წავიდეს უცხოეთში და რაც შეიძლება მეტი უცხოელი სპეციალისტი უნდა ჩამოვიყვანოთ საქართველოში, რათა რაც შეიძლება მეტი ევროპული და სამხრეთამერიკული ფეხბურთი იყოს ჩვენთან და რაც შეიძლება მეტი ჩვენი ფეხბურთელები და მწვრთნელები იყვნენ იქ... ზოგადად, სულსწრაფობა იყო ჩვენი პირველი მტერი; შესაბამისად, ყოველი შესარჩევი ტურის წინ იყო უსაფუძვლო დაპირებები და ვერავინ ბედავდა ხმამაღლა ეთქვა, რომ ამისთვის დრო იყო საჭირო; მოკლედ, ამ შედეგისთვის თაობათა ცვლა იყო საჭირო“, - ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სპორტის ყოფილი მინისტრის და საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ მფლობელის აზრით, ახლა მთავარია, EURO 2024-ზე საქართველოს შედეგები კარგად გავაანალიზოთ.
„უნდა გავაცნობიეროთ, სად ვართ და რა ტემპით და ამოცანებით უნდა ვიაროთ წინ. აუცილებელია, გეგმების განახლება; ახალი ძალისხმევით უნდა შევუდგეთ გამოწვევებს და ახალი გამარჯვებებისთვის მოვემზადოთ. მთავარია, მდგრადობა. მსგავსი წარმატებები ჰქონდა სხვა პატარა ქვეყნებსაც, შეიძლება ასეთი ეფექტური არა, მაგრამ ერთეული გამონათებები ისტორიას დარჩა“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ თუ აქამდე მთელი აქცენტი მიმართული იყო ეროვნულ ნაკრებზე და შედეგიც დადგა, ახლა საჭიროა, მეტი ყურადღება მიექცეს საფეხბურთო კლუბებსაც.
„კონკურენცია კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. რაც შეიძლება ბევრი აკადემია უნდა გაკეთდეს და რაც შეიძლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რადგან მსგავს წარმატებას ბუმი და ფეხბურთისადმი ინტერესი მოჰყვება. ბავშვებმა დაინახეს, რომ რონალდო, რომელიც გუშინ მათი კერპი იყო, დღეს ლამის აცრემლებული გაუშვეს მოედნიდან“, - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნული ნაკრების თითოეული ვარსკვლავის მეტი პოპულარიზაცია.