მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ გავაუმჯობესოთ ლოგისტიკური ჯაჭვი - ბურგასის პორტის წარმომადგენელი

ბურგასის პორტი

ბულგარეთში მდებარე ბურგასის პორტის წარმომადგენელი, ვიჰრენ ზახარევი იმედოვნებს, რომ APM Terminals-ის გაფართოების გეგმები სისრულეში მოვა. ვიჰრენ ზახარევი შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" მასპინძლობს.

მან კონფერენციის შეფასებისას ისაუბრა ბურგასის პორტის მმართველი კომპანიის, BMF Port Burgas-ის გეგმებზეც და სამომავლოდ, ფოთსა და ბურგასს შორის კიდევ უფრო მეტი კავშირის შესაძლებლობაზე.

"მსგავსი კონფერენციები შესაძლებლობაა თითოეული პორტისთვის, ლოგისტიკური ჯაჭვის თითოეული მონაწილისთვის, რომ წარმოადგინონ ინფრასტრუქტურის, პორტის განვითარების შესახებ ინფორმაცია, რა ახალი შესაძლებლობებს იძლევიან ეს პორტები და რა გამოწვევები იქნა დაძლეული. გვაქვს ახალი შესაძლებლობები, განვითარებები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

დღეს, APM Terminals-ისგან მოვისმინეთ მათი განვითარების გეგმების შესახებ. ბურგასის პორტში კი, მომავალ თვეში დავასრულებთ ახალი, 15.5 მეტრი სიღრმის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობას საკონტეინერო გემებისთვის. შედეგად, ბულგარეთი ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ტერმინალების რუკაზე განთავსდება.

ვიმედოვნებ, APM Terminals-ის გეგმები სისრულეში მოვა და შესაძლოა 3-5 წელში დიდი ზომის ხომალდების პირდაპირი კავშირები გვქონდეს ფოთსა და ბურგასს შორის. დამატებით, გარდა ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა, საჭიროა კარგი საპორტო ინფრასტრუქტურა. BMF Port Burgas-ი ინვესტიციას დებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, ავითარებს და ზრდის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას პორტში, რაც ტვირთის სწრაფი ბრუნვის, იმპორტ-ექსპორტის შესაძლებლობას უზრუნველყოფს და ხელმისაწვდომს გახდის საუკეთესო ლოგისტიკურ გადაწყვეტებს",- აღნიშნა ვიჰრენ ზახარევმა.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა შუა დერეფნის ლოგისტიკური ჯაჭვის გაუმჯობესებაზე.

"ბურგასი და ფოთი შუა დერეფნის მთავარი რგოლებია. ისინი აკავშირებენ ევროპას აზიასთან, ფოთის გავლით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ლოგისტიკური ჯაჭვი. როგორც ვიცით, ორივეგან, ფოთში და ბურგასში ამ მიმართულებით მუშაობა მაღალ დონეზეა. მთავარი სამუშაო კორიდორის ხარისხის გაუმჯობესებისთვის არის ჩვენს კოლეგებთან ყაზახეთში, აზერბაიჯანში, რომლებმაც ასევე უნდა გააუმჯობესონ საკუთარი სერვისი მდგრადი და კარგი სერვისის მისაწოდებლად",- განაცხადა ბურგასის პორტის წარმომადგენელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები