მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნდა გაყიდოს თუ არა სებ-მა სავალუტო რეზერვები ლარის გასამყარებლად? - ანალიტიკოსების მოსაზრება

5d13a4b25dabc
თელარა გელანტია
26.06.19 22:30
2088
ანალიტიკოსების ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის ნახტომისებურ გაუფასურებას ე.წ. რუსული ტურისტული ემბარგოს დაანონსებით და ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებით ხსნის.

"ლარს სჭირს ის, რაც უნდა სჭირდეს", - აცხადებს bm.ge-სთან ფინანსისტი ვასილ რევიშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები საჭიროა არაა.

"ვინაიდან, ვფიქრობ, ძირითადი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები არ გაუარესებულა, ალბათ სებ-ის ინტერვენციები ახლა საჭირო არაა, თუმცა ამავე დროს, ძალიან გაცხარებული შესყიდვა ვალუტის, რომელსაც უკვე ვხედავთ, ალბათ ესეც ცოტა ხნით უნდა შეჩერდეს", - აცხადებს ვასილ რევიშვილი.

სავალუტო რეზერვების გაყიდვის საჭიროებას ჯერ ვერ ხედავს ეკონომისტი, PMCG-ის კონსულტანტი გიორგი პაპავა.

"კარგია, რომ ერვნულ ბანკს შევსებული აქვს რეზერვები და იმედია, დამატებითი შესყიდვები აღარ განხორციელდება. რაც შეეხება არსებულ ვითარებაში, სებ-ის ქმედებებს, ვფიქრობ, უნდა შეხედოს, რამდენად გაგრძელდება ეს პროცესი და შესაბამისად იმოქმედოს რეზერვების გამოყენების კუთხით, რათა ლარის გაუფასურება შეაჩეროს. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ამის საჭიროება არ არის თუ ეს უფრო ფართომასშტაბიან გაუფასურებაში არ გადაიზარდა, რადგან ლარის არსებული კურსი, ჯერჯერობით, არაა გადათარგმნილი მნიშვნელოვან ინფლაციაში ან ინფლაციის მოლოდინში", - განაცხადა პაპავამ.

"ამ ეტაპზე, ვფიქრობ, სავალუტო რეზერვების ხარჯვის საჭიროება არაა, რადგან ლარის კურსის მერყეობები მოკლევადიანი, აჟიოტაჟური ქცევებითაა გამოწვეული", - აცხადებს bm.ge-სთან Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.847-მდე გაიზარდა, ეს აქამდე მოქმედ კურსს 1.3 თეთთით აღემატება. ეს დოლართან მიმართებით ლარის მორიგი ანტირეკორდია.

ლარი დღესვე ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი ევრო 3.2356 ლარს შეადგენს, რაც აქამდე მოქმედ კურსს 1 თეთრით აღემატება.

სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ყიდვის ფასი 2.87-2.88 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები