რეალურად გვაქვს შანსი, გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალი და უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ, - ასე აფასებს „შუა დერეფნის“ პოტენციალს ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი.
მისი თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, სატრანსპორტო დერეფანმა აჩვენა, რომ „მუშაობს და იმუშავებს შეჩერების გარეშე“.
კითხვაზე- „რა უნდა იყოს საქართველოს როლი ამ დერეფანში. უნდა ვიყოთ პროცესების ლოკომოტივი თუ დავჯერდეთ „ერთი ვაგონის“ როლს, რომელიც რაღაც ლოკომოტივს მიჰყვება? - მამუკა მურჯიკნელი პასუხობს, რომ უნდა გვქონდეს ამბიცია პროცესების ლოკომოტივი ვიყოთ.
„რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ ვიყოთ პროცესების ლოკომოტივი, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანა სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს, გვაქვს შავ ზღვაზე გასასვლელი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მსოფლიოს ყველა კუთხეს დავუკავშირდეთ. ჩვენს პარტნიორებსაც არ სურთ „ჩვეულებრივი ვაგონის“ როლში ყოფნა. ყველას გვინდა ვიყოთ ლოკომოტივები, რადგანაც ამ პროცესში ყველას ინტერესია. ეს იქნება ყველასთვის მოგებიანი და უნიკალური ის არის, რომ ყველა ლოკომოტივები ვიქნებით“, - ამბობს მურჯიკნელი.
მისი თქმით, ე.წ „შუა დერეფნის“ ეფექტიანი მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია.
„კოორდინაციის გარეშე ძალიან გაუჭირდება რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, თუ კონკრეტულ მოთამაშეს იმ შედეგის მიღწევა, რასაც გვინდა მივაღწიოთ. საბოლოო ჯამში, დერეფნის ამუშავება ყველასთვის მოგებიანი იქნება. რაც მეტად გაიზრდება ტვირთბრუნვა, მით უკეთესი იქნება ეს პროცესში ჩართული ქვეყნებისთვის“, - ამბობს მამუკა მურჯიკნელი.
მისი თქმით, დღეს აუცილებელია მეტი ინვესტიციის ჩადება ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ეს თანაბრად ეხება დერეფნის ყველა რგოლს (რკინიგზა, პორტები, სასაწყობე მეურნეობები, სავაგონო პარკი, სატრანსპორტო საშუალებები) და ყველა ქვეყანას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაში მეტი ფული ჩაიდოს. ჩვენ უნდა შევხედოთ პროცესებს, რომ „შუა დერეფანი“ არის მნიშვნელოვანი და კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ ამ დერეფნის გაფართოებაზე, რომ დერეფანი გახდეს უფრო მისაღები ყველა მოთამაშისთვის. ტვირთი არ დაგველოდება, ტვირთი თავის გზას ყოველთვის ნახავს, ჩვენს ინტერესშია ტვირთის მფლობელებს და მიმღებებს შევთავაზოთ, პარტნიორებთან ერთად, ის მომსახურება რომ მათთვის ეს იყოს მისაღები“, - ამბობს მამუკა მურჯიკნელი.