მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გვქონდეს მიმზიდველი გარემო... შემოსვლამდე ინვესტორი ადგილობრივ ბიზნესს ეკითხება აზრს - ქეთი ქვარცხავა

643024a2377f7
ელენე გოგბერაშვილი
08.04.23 11:01
1021
რეგულაციების ეფექტიანობის დონით საქართველოს პოზიციები გაუარესდა. რეგულაციების ეფექტიანობას, როგორც შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოთვლისას იყენებს. გასულ თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ინდექსში საქართველო 9 პოზიციით დაქვეითდა და 176 ქვეყანას შორის 35-ე ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება კრიტერიუმს, რომელიც რეგულაციების ეფექტიანობას ბიზნესის თავისუფლების, შრომის თავისუფლების და მონეტარული თავისუფლების მიხედვით აფასებს, ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმში საქართველოს ქულა 4,3-ით გაუარესდა, რაც ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება. ინფლაციის გათვალისწინებით, წინა წელთან შედარებით 4 ქულით გაუარესდა საქართველოს ქულა მონეტარული თავისუფლების კრიტერიუმში.

იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორი არ თვლის, რომ საქართველოში ბიზნესის რეგულირების დონე მაღალია, თუმცა ქეთი ქვარცხავას შეფასებით, ბიზნესს სჭირდება ნაკლებად შემზღუდავი გარემო. მისი თქმით, ბიზნესის რეგისტრაციის თვალსაზრისით საქართველოში საუკეთესო სისტემაა, თუმცა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორს ნაკლები ბიუროკრატია სჭირდება.

ვერ ვიტყოდი, რომ ბიზნესის რეგულირების დონე საქართველოში მაღალია, ნამდვილად არ არის ისეთი მაღალი, როგორც განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში.  ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოითხოვს გარკვეული ცვლილებების შეტანას ჩვენს წესებში და ახალი რეგულირებების შემოღებას. ჩვენთან შემოვიდა რაღაც რეგულირებები, შეიძლება რაღაც ზედმეტი შემოვიდა, ვიდრე შეიძლებოდა შემოსულიყო, რაღაცეები იყო აუცილებელი და შემოვიდა.

ნამდვილად არ იქნება რეგულაციების შემოღება სასარგებლო ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენი ეკონომიკა არის მზარდი ეკონომიკა ანუ ჯერჯერობით ისეთი ფუფუნება არ გვაქვს, რომ განვითარებული დასავლური ეკონომიკის მსგავსი შემზღუდავი ნორმები შემოვიღოთ. ჩვენ გვევალება, რომ მიმზიდველი ბიზნესგარემო გვქონდეს, რომ ნაკლებად შემზღუდავი გარემო იქნას საქართველოში მათ შორის ბიზნესის რეგულირების თვალსაზრისით, მათ შორის ნებართვების მოპოვების თვალსაზრისით, მათ შორის სიმარტივის თვალსაზრისით, რადგან ქაღალდზე ერთია, მეორეა პრაქტიკაში როგორ ხდება.

ჩვენთან ნამდვილად საუკეთესო სისტემაა რეგისტრაციების, მაგრამ როცა პრაქტიკულ მოთხოვნებში შედიხარ, იქ ცოტა დისკრეცია ისეთია, რომ ამაზე მოგვიწევს მუშაობა, რომ ბიზნესმა საქმიანობისთვის საჭირო ნებართვების და ლიცენზიების, კიდევ უფრო გამჭვირვალე წესით მიღება შეძლოს.

მგონია, რომ პერსპექტივა გვაქვს ძალიან დიდი. ერთი რაღაც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიზნესი რეკლამის გამო არ შემოდის ქვეყანაში. როდესაც შემოდის ბიზნესი, ის ეკითხება ადგილზე სხვა ბიზნესს აზრს. ჩვენ შიგნით უნდა გვქონდეს მიმზიდველი გარემო, რომ სხვებს გავუწიოთ კონკურენცია, როგორც ინვესტიციების დანიშნულების პუნქტმა, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავალაგოთ ის სისტემები, რომელიც შეგვიძლია დავალაგოთ ყოველგვარი მტკივნეული ღონისძიებების გარეშე“,-აცხადებს ქეთი ქვარცხავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები