მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სემეკმა რეგულაციები შეიმუშავა. მარეგულირებლის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებებით მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად - ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის საანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. ამისთვის, საჭირო იქნება ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტისთვის განცხადებით მიმართვა.
სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ შესაბამისი რეგულაცია რამდენიმე დეველოპერის მიმართვის შემდეგ შემუშავდა, რომელთაც ცენტრალური საქვაბე სისტემები დააყენეს და მერე აღმოჩნდა, რომ ასეთი სისტემებით დაყენებული და მიღებული ენერგიის ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები არ იყო მკაფიოდ დარეგულირებული.
დეველოპერული ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ სემეკის მიერ მიღებული რეგულაცია უდავოდ წაახალისებს სამშენებლო სექტორში ცენტრალური გათბობის ტექნოლოგიების დანერგვას, თუმცა შესაფასებელია როგორც ამ სისტემის ეფექტიანობა, ისე გავლენა პროექტის ღირებულებაზე.
“მიღებული რეგულაცია,რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური გათბობის შემთხვევაში საერთო ბუნებრივი გაზის მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის ინდივიდუალური წილის გამოთვლას, უდავოდ წაახალისებს სამშენებლო სექტორში ცენტრალური გათბობის ტექნოლოგიების დანერგვას.ჩვენ მივესალმებით სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენს არსებულ და უკვე დაგეგმილ პროექტებში გათბობის ცენტრალური სისტემით უზრუნველყოფა გათვალისწინებული არ არის.
აღნიშნული სისტემის დანერგვა საჭიროებს ტესტირებასა და შეფასებას.ასევე, გადახდის ეფექტურობის შემოწმებას კომუნალური სერვისების მომწოდებელ კომპანიებთან ერთად. ასევე, უნდა განისაზღვროს, იმოქმედებს თუ არა ერთიანი სისტემის დანერგვა კვადრატული მეტრის საბაზრო ფასზე და გააძვირებს თუ არა ის პროექტის ჯამურ ღირებულებას “,- აცხადებს BM.GE-სთან m²-ის პროექტების მართვისა და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი - საბა კოზმანაშვილი.
სემეკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა ცენტრალური გათბობის სისტემაში მოხმარების მიზნობრიობით და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობიდან გამომდინარე განხორციელდება. ამისთვის საჭიროა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ცენტრალური გათბობის სისტემა აკმაყოფილებდეს შემდეგ 2 პირობას: პირველი, ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა მიერ მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად, ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით და მეორე, გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ცენტრალური გათბობის სისტემა უნდა სარგებლობდეს განახლებადი ან და ალტერნატიული წყაროთი.
რეგულაციის მიხედვით, საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოყვანა შემდეგნაირად განხორციელდება: მაგალითად, თუ საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 1000 მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო ცენტრალურ გათბობის სისტემაზე დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის მონაცემებით დასტურდება, რომ 80%-ის მოხმარება განხორციელდა საყოფაცხოვრებო მიზნით, ლიცენზიატი განახორციელებს საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული წილის გამოყვანას და აღრიცხულ 1000 მ3-დან 800 მ3-ზე დარიცხავს საყოფაცხოვრებო ტარიფს, ხოლო დარჩენილ 200 მ3-ზე - მომხმარებელს არასაყოფაცხოვრებო ტარიფის გადახდა მოუწევს.