ძალიან მაშფოთებს ის 19.5%, რომელიც სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ არის 2019 წლის მონაცემებით, – ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ადამიანებზე გაცილებით მძიმედ აისახება ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი.
„პარლამენტში განაცხადა პრემიერმა რომ 72 000–მა ადამიანმა უკვე ისარგებლა უმუშევრობის დახმარებით.
საქსტატის 2019 წლის მონაცემებით, 221 000 უმუშევარი გვყავდა სულ. წარმოიდგინეთ, რამხელა რიცხვია ეს?! წარმოიდგინეთ რამდენით იზრდება ეს რიცხვი. დასაქმებულების დიდი ნაწილი ისედაც თვითდასაქმებულია და ამ თვითდასაქმებულებში რამდენი დარჩა უმუშევარი, ეს რომ შევაფასოთ, ძალიან დიდ რიცხვებზე ავდივართ“, – აღნიშნა ეკონომისტმა.
გარდა ამისა, სოსო ბერიკაშვილის თქმით, საზოგადოება უკვე დიდი ხანია ელოდება ბიუჯეტს, რომლის წარდგენაც გვიანდება. ამით ფორმალურად კანონი არ ირღვევა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ უკვე ცნობილი იყოს ბიუჯეტის ცვლილებები.
„ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია ვიცოდეთ, მაგალითად ის თანხები რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, რა ნაწილია იქიდან სესხი და რა პროცენტშია ეს სესხი. იმიტომ რომ ეს სესხები ხომ ჩვენი გადასახდელია?! მერე აქედან ვაფინანსებთ სამშენებლო სექტორს თუ ბანკებს... ვეხმარებით, რომ იპოთეკური სესხები გასცენ, ამაზე რომ ვიმსჯელოთ კარგია თუ ცუდი, უნდა ვიცოდეთ რა პირობებში გვაქვს სესხი“, – განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.