განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში (GREDA) მიიჩნევენ, რომ 2027 წლისთვის, ენერგეტიკის სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომელთაგან უპირველესი გამომუშავების შეზღუდვები და წყალუხვობის პერიოდში ელექტროენერგიის დაღვრაა.
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე BMG-სთან აცხადებს, რომ 2026 წელს სექტორმა მსგავსი შეზღუდვების გამო საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო. შესაბამისად, 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში იგივე სტრატეგიით გაგრძელება კერძო სექტორს კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზარალს მიაყენებს.
„პირველ ეტაპზე, უნდა მოგვარდეს ეს ნაწილი - გენერაციის შეზღუდვებთან დაკავშირებით როგორი სტრატეგია აქვს სახელმწიფოს. 2027 წელს, რომლის პერიოდშიც აუცილებლად იქნება წყალდიდობის პერიოდი და აუცილებლად დადგება დაღვრების საკითხი. კერძო სექტორს აქვს კითხვა - როგორი სტრატეგიით აპირებს სახელმწიფო ამ პროცესის გავლას? საუბარია 2027 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის პერიოდზე. ეს თვეები მაღალი ალბათობით, კრიტიკული იქნება, ვინაიდან 2026 წელს ძალიან ბევრი დარტყმა მიიღო ენერგეტიკის სექტორმა და ყოვლად მიუღებელი იქნება 2027 წელსაც იგივე სტრატეგიის გამოყენება - რისკები კიდევ უფრო იზრდება და სექტორი კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზარალს მიიღებს, რასაც ვერ გაუძლებს და ძალიან სერიოზული კოლაფსის წინაშე შესაძლოა დადგეს“ - აცხადებს მაია მელიქიძე BMG-სთან.
ამასთან, GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ბუნდოვანება ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედებასა და ბაზრის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, სექტორში განჭვრეტადობას მნიშვნელოვნად აფერხებს. სექტორის ნაწილისთვის უცნობი იყო ე.წ. ბირჟის ფუნქციონირებიდან დღიური ბაზრის ჩახსნა.
„ენერგეტიკის სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია წინასწარი კომუნიკაცია, თამაშის გამჭვირვალე წესები და სტაბილური გარემო, რათა ინვესტორებმა ეფექტური პროგნოზირება შეძლონ. ნებისმიერი ცვლილება, თუნდაც მცირედი, ზეგავლენას ახდენს სექტორის მონაწილეთა გეგმებზე, სტრატეგიასა და ხარჯებზე. როდესაც ბირჟის სრული ამოქმედება 2027 წლის 1-ელ ივლისამდე გადავადდა, სექტორს კვლავ უჩნდება განცდა - ხომ არ ექნება ადგილი პროცესის კიდევ ერთხელ გადადებას. 2023 წელსაც, დაანონსებულ თარიღამდე 2-3 დღით ადრე შეიტყო სექტორმა, რომ ბირჟა არ იხსნებოდა. ასეთი მოულოდნელობები ფრუსტრაციასა და ნეგატიურ განწყობებს ქმნის“ - აცხადებს მაია მელიქიძე.
საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა შეჩერდა. შესაბამისი დადგენილება 8 სექტემბერს მთავრობამ გამოსცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღიური ბაზრის ოპერირება 2027 წლის პირველ ივლისამდე ჩერდება, ხოლო 2027 წლის პირველი ივლისიდან, დღიური ბაზრის ოპერირებას ბირჟის ოპერატორი უზრუნველყოფს. ენერგეტიკული ბირჟის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, დღით ადრე ბაზარზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული იყო 24, ხოლო დღიურ ბაზარზე მონაწილეობისთვის - 17 კომპანია. გასულ წელს, დღით ადრე ბაზარზე მონაწილეებმა 130 ათასი მგვტ.სთ ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც წინა წელს ნავაჭრს 7.5-ჯერ აღემატება. ბირჟაზე ძირითადად იყო დეფიციტი - მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა, ფაქტობრივად, ყოველდღიურად არსებობდა, მიწოდება მხოლოდ გაზაფხულიდან გააქტიურდა, რაც ელექტროსადგურების წარმოების ზრდით იყო გამოწვეული. რაც შეეხება დღიურ ბაზარს, წელს ვაჭრობა ამ ბაზარზე არ დაფიქსირებულა. მხოლოდ გასული წლის 6 მაისს დღიურ ბაზარზე შედგა პირველი და ჯერჯერობით ბოლო ტრანზაქცია. ნავაჭრმა რაოდენობამ 381 მგვტ.სთ, ხოლო ფასმა 125 ლარი/მგვტ.სთ შეადგინა.
ენერგეტიკული ბირჟა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის რეჟიმში 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. გარდამავალი მოდელის ამოქმედება პირველი ნაბიჯი იყო ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციისკენ, რაც საქართველოს ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ნაწილია.
























