მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უნდა ვივარაუდოთ, რომ ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს გახსნა საწვავის ფასებს შეამცირებს" - ზაალ იაკობიძე

ზაალ იაკობიძე

"სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, ზაალ იაკობიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საწვავის იმპორტის გეოგრაფია შეცვლილია და ბიზნესი ახალ ბაზრებზე გადაეწყო, საწვავის ხარისხი ან იგივე დარჩა, ან - გაუმჯობესდა. ამის შესახებ იაკობიძემ BMG-ის "ანალიტიკასთან", კონკურენციის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის შეფასებისას ისაუბრა.

"ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენ ბაზარზე, არის რუსეთის როლი საქართველოში საწვავის მოწოდებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში შეზღუდული და, საერთოდ, აკრძალულია საქართველოს მიმართულებით. ეს ძირითადად გამოწვეულია იმ დეფიციტით, რომელიც შექმნილია რუსეთის ბაზარზე, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რაც ასეთ დროს ხშირად მომხდარა ხოლმე: გადართვა სხვა ქვეყნებზე.

გეოგრაფიაც ისეთია ძირითადად, როგორც არის ხოლმე: რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და, უფრო ნაკლებად, მაგრამ თურქმენეთიც. ამ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვთვალეთ, შემოსული საქონელი არის, ან უფრო უკეთესი, ან არანაკლები ხარისხის, ვიდრე რუსული საწვავია. ასე რომ, ხარისხი თუ გაუმჯობესდა, თორემ არ გაუარესებულა არავითარ შემთხვევაში", - ამბობს ზაალ იაკობიძე.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შუალედურ ანგარიშში მოყვანილია ფასების დინამიკა და აღნიშნულია, რომ ივნისიდან დღემდე, მსხვილი კომპანიების საცალო ფასები გაიზარდა საშუალოდ 15-20 თეთრით, ხოლო მცირე ქსელების შემთხვევაში ზრდა 25 თეთრამდე იყო.

"სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას" გენდირექტორის თქმით, უახლოეს პერიოდში ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფება მოსალოდნელი არ არის.

"ამ ქვეყნებიდან შესყიდვა უფრო მაღალი ფასით ხდება. საერთაშორისო ბაზარზე ფასი დაეცა, მაგრამ, ვინაიდან გადავერთეთ სხვა ქვეყნებზე, იქ შესყიდვის ფორმულა უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში სიტუაცია ისეთია, რომ ქართულ ბაზარზე დიდად ცვლილებები არ ხდება. ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაიაფების მოლოდინი ამ მომენტისთვის ნაკლებად არსებობს.

თუ [საერთაშორისო ბაზარზე გაიაფების] ეს ტენდენცია გაგრძელდა, საბოლოო ჯამში ეს ასახვას პოვებს საქართველოს ბაზარზეც. ოღონდ, როგორ გაგრძელდება ეს და ეს ტენდენცია იქნება თუ არა შენარჩუნებული, ამას ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები ამას ვარაუდობენ", - ამბობს ის.

ზაალ იაკობიძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საქართველოში, შესაძლო, საწვავზე ფასის შემცირებას შეუწყოს ხელი, ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს ამოქმედებაა.

"პროექტი უკვე არსებობს და ალბათ არსებობს საფუძველი იმისაც, რომ მალე დამთავრდება. ეს არის, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოში შემოვიდეს არა მზა ნავთობპროდუქტები, არამედ ნავთობი და მერე მოხდეს მისი გადამუშავება და გაიყიდოს ადგილობრივ თუ სხვა ბაზარზე. ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გამოიწვევს საწვავის ფასების შემცირებას საქართველოს ბაზარზე.

გადამმუშავებელი ქარხნის არსებობის არსი და მიზანი არის ის, რომ გაუწიოს კონკურენცია იმ პროდუქციას, იმ საწვავს, რომელიც არის იმპორტირებული. ცხადია, ამ მიზნით იქმნება. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ უფრო იაფი უნდა იყოს. მეორე ამბავია, რამდენად იაფი იქნება; რამდენადაც ეს დამოკიდებულია რა თქმა უნდა ნედლეულის ფასზე, შემდეგ მისი გადამუშავების ხარჯზე - ყველა ამ კომპონენტის შემდეგ შედგება მისი თვითღირებულება და მერე იქ დადგინდება გასაყიდი ფასი და რაოდენობა", - აღნიშნავს "სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას" გენდირექტორი.

ცნობისთვის, ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. გასულ ივნისს კი BMG-სთან ინტერვიუში საქართველოს განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, ქარხანამ პირველი პროდუქცია წელს შემოდგომაზე უნდა გამოუშვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები