UNESCO მცხეთაში პარკის კონცეფციის შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლებს დღეს, პარკის კონცეფცია წარუდგინეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლებთან.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილი რეკრეაციული პარკის არქიტექტურული კონცეფციაზე. ვინაიდან, მცხეთის ტერიტორია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას ეკუთვნის, პარკის რეკონსტრუქციაც ორგანიზაციას უნდა შეუთანხმდეს.
სამინისტროს ცნობითვე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ UNESCO დამატებით განიხილავს პროექტის დეტალებს საბოლოო რეკომენდაციების გასაცემად.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობა და არქიტექტურული კომპანიის „არტსტუდიო პროჯექტი“ წარმომადგენლები.

"ვინაიდან საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მცხეთის ისტორიული ძეგლების ბუფერულ ზონაში, პროექტის შემდგომი განვითარება მოითხოვს მუნიციპალიტეტთან, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებას, ასევე UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებას.
„არტსტუდიო პროჯექტის“ წარმომადგენლებმა მისიის წევრებს გააცნეს პროექტის ძირითადი კონცეფცია და დაგეგმილი სივრცითი გადაწყვეტილებები. პრეზენტაციის ფარგლებში საუბარი შეეხო ტერიტორიის ურბანულ მორფოლოგიას, სატრანსპორტო და საფეხმავლო კავშირებს, არსებული გარემოსა და ლანდშაფტის თავისებურებებს, ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებს, ასევე ტერიტორიის ისტორიული და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებას.
პროექტი ითვალისწინებს 70 ჰექტარზე მდინარისპირა რეკრეაციული პარკის მოწყობას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს, თეატრონის რეაბილიტაციას, ლანდშაფტური სივრცეების მოწყობას. პარკი მოემსახურება როგორც მცხეთის, ისე თბილისის მოსახლეობასა და სტუმრებს", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





























