უნგრეთი ევროპულ კომისიას ევროკავშირის საგარეო საზღვრების დაცვისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას სთხოვს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შტაბის უფროსმა განაცხადა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სასაზღვრო კონტროლი ბუდაპეშტს €2 მილიარდი დაუჯდა.
საქმე ისაა, რომ 2015 წელს თავშესაფრის მაძიებელი ათასობით მიგრანტისთვის ორბანმა ევროკავშირის ქვეყნებისკენ უნგრეთზე გამავალი ძირითადი სატრანზიტო მარშრუტი დაკეტა, რითაც ბლოკის წევრი ქვეყნებისგან კრიტიკაც დაიმსახურა.
"მზად ვართ ევროპულ კომისიას ვუჩივლოთ მას შემდეგ, რაც მან სრულად ან ნაწილობრივ უკვე აანაზღაურა შენგენის საზღვრის დასაცავად სხვა ქვეყნების მიერ გაწეული ხარჯები. უნგრეთმა ბოლო წლებში შენგენის საზღვრის დასაცავად €2 მილიარდი დახარჯა, ევროკავშირის არსებითი კონტრიბუციის გარეშე", - განაცხადა გერგელი გულიასმა, პრემიერ-მინისტრის შტაბის უფროსმა.
მისივე თქმით, უნგრეთის იუსტიციის მინისტრი კომისიის წინააღმდეგ სარჩელს უკვე ამზადებს.
2024 წლის ივნისში უნგრეთი ევროპულმა სასამართლომ, თავშესაფრის მაძიებლების მიუღებლობის გამო, €200 მილიონით დააჯარიმა. ბუდაპეშტმა ჯარიმის გადახდის ვადას ერთხელ უკვე გადააცილა, ხოლო თუ მეორე ვადას - 17 სექტემბერსაც - გადააცილებს, ევროპული კომისია ჯარიმის ოდენობას ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან ამოიღებს.