ჟურნალისტთა კონსორციუმის ერთობლივი გამოძიების თანახმად, უნგრეთის მთავრობა სავარაუდოდ მოსკოვის სასარგებლოდ ჩაერია, რათა ევროკავშირის სანქცირებულთა სიიდან რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრი ამოეღოთ.
გამოცემების The Insider-ისა და VSquare-ის ინფორმაციით, ეს ჩარევა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბუდაპეშტელ კოლეგას, პეტერ სიიარტოს შუამდგომლობა სატელეფონო საუბარში პირდაპირ სთხოვა.
მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, ლავროვი სიიარტოს ახსენებს ადრინდელ დაპირებას რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბახორ ისმაილოვას ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების თაობაზე.
ალიშერ უსმანოვი უზბეკეთში დაბადებული რუსი მულტიმილიარდერია, რომელიც დაახლოებულია როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან (რომელთანაც, გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური კავშირები აქვს), ასევე ყოფილ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან, რომელიც, როგორც იუწყებიან, პირადი მიზნებისთვის სარგებლობდა უსმანოვის ფეშენებელური რეზიდენციებით. უსმანოვი აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის მარტში, ევროკავშირმა კი თებერვალში დაასანქცირეს.
2024 წლის 30 აგვისტოს საუბრის ჩანაწერის მიხედვით, უნგრელი მინისტრი პასუხობს, რომ წარადგენს წინადადებას და ყველაფერს გააკეთებს თხოვნის შესასრულებლად.
Bloomberg News-მა ჩანაწერის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო, თუმცა ცნობილია, რომ ისმაილოვა ევროკავშირის სანქციების სიიდან შვიდი თვის შემდეგ ამოიღეს.
ეს ანგარიში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასა და რუსეთს შორის მჭიდრო კავშირების შესახებ გამჟღავნებული ინფორმაციების სერიის უახლესი ნაწილია, რომელიც უნგრეთის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები ხნით ადრე გასაჯაროვდა.
ბუდაპეშტს, 2022 წელს მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე, კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შეფერხების არაერთი მცდელობა ჰქონია.
ორბანი ასევე იქცა ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ უდიდეს მოკავშირედ ევროკავშირში და თავისი წინასაარჩევნო კამპანია კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის წინააღმდეგობაზე ააგო.
სიიარტომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობაში 2014 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრია, ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მის ტელეფონს უსმენდნენ.
მან განმარტა, რომ რეგულარულად კოორდინირებდა ევროკავშირის არაწევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან "სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე".
"კარგი ნამუშევარია! მათ დაამტკიცეს, რომ საჯაროდ იმავეს ვამბობ, რასაც ტელეფონზე", - განაცხადა მან გამომძიებელ ჟურნალისტებზე და აღნიშნა, რომ დიდი ხანია ცნობილია, როგორ უსმენენ უცხოური სპეცსამსახურები მის სატელეფონო საუბრებს.
"ოთხი წელია ვამბობთ, რომ სანქციების პოლიტიკა მარცხია და უფრო მეტ ზიანს აყენებს ევროკავშირს, ვიდრე რუსეთს. უნგრეთი არასოდეს დათანხმდება იმ პირების ან კომპანიების სანქცირებას, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის ან მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა სიიარტომ.
ორშაბათს უნგრეთის საერთაშორისო სპიკერმა ზოლტან კოვაჩმა POLITICO-ს განუცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის კონტაქტები რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა და რომ მას სენსიტიური ინფორმაცია არ გაუცვლია.
სპიკერმა განცხადებები იმის შესახებ, თითქოს უნგრეთი რუსეთს კონფიდენციალურ ინფორმაციას უზიარებდა, "სრულიად უსაფუძვლოდ" შეაფასა.
მანამდე, 24 მარტს სიიარტომ ასევე აღიარა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებამდე და მის შემდეგ კონტაქტობდა რუსეთთან, ისრაელთან, სერბეთთან, თურქეთთან და სხვა პარტნიორებთან, რასაც მან ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკა უწოდა.
ამ თვის დასაწყისში Washington Post-ი იუწყებოდა, რომ სიიარტო რეგულარულად ურეკავდა ლავროვს, რათა მიეწოდებინა ინფორმაცია ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მიმდინარე კონფიდენციალური განხილვების შესახებ. სიიარტომ ამ ქმედებას რუტინული დიპლომატიური სამუშაო უწოდა.




























