უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მაგიარის გამარჯვებას და ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის დასრულებას ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკოსების მხრიდან გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ევროპელი ლიდერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა არჩევნების შედეგს ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთის ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კი გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ "უნგრეთის ადგილი ევროპის გულშია".
ფაქტს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც ახლად არჩეულ ლიდერს დაურეკა და მოგება პირადად მიულოცა. მან პოსტში აღნიშნა, რომ უნგრელი ხალხი დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგული დარჩა.
მაგიარს გამარჯვება გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმაც მიულოცა, მასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და განაცხადა, რომ ეს შედეგები მნიშვნელოვანი იქნება უფრო ერთიანი და უსაფრთხო ევროპის ჩამოსაყალიბებლად.
ოპოზიციის გამარჯვებას გამოეხმაურა შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონიც. მან პარტია TISZA-ს მიღწევა ისტორიულ გამარჯვებად შეაფასა და მაგიარის გამარჯვებას უნგრეთის ისტორიაში ახალი თავის დაწყება უწოდა.
რაც შეეხება ლიეტუვას პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედამ მომხდარი დემოკრატიისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად დაასახელა.
შეგახსენებთ, დღეს, 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მაგიარის ოპოზიციურმა პარტია "Tisza"-მ დამაჯერებლად გაიმარჯვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. უნგრული ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, დათვლილია ხმების 84.91%. 199-ადგილიან პარლამენტში ოპოზიციას 138 მანდატი ერგება, ვიქტორ ორბანის "Fidesz"-ი კი 54 ადგილს დასჯერდება.




























