მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

unicef - საქართველოში ვაქცინაციის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან

604b579d08533
BM.GE
12.03.21 15:53
689
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი წლის თავზე, საქართველო COVAX პლატფორმის საშუალებით მიიღებს AstraZeneca / Oxford ვაქცინის პირველ პარტიას 43 200 დოზით, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ. გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მთავრობას ამ ვაქცინების შეძენაში ეხმარება, რომლებიც 13 მარტს ჩამოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინები მთავრობის მიერ გადანაწილდება ყველა რაიონში. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ამასთან ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან. 43 200 ვაქცინა სრულად იქნება გამოყენებული პირველი დოზებისთვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ინფორმაციას, რომ ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა.

ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას. გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობისგან ასევე მიიღო თხოვნა, დაეხმაროს Pfizer-BioNTech ვაქცინის შეძენაში. შედეგად, ვაქცინების ჩამოტანა მოსალოდნელია მარტის თვის ბოლოს.

”დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. ველოდებით COVID-19 ვაქცინების პირველ პარტიას. გაეროს ბავშვთა ფონდი,ჩვენს პარტნიორებთან, - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და ვაქცინების გლობალურ ალიანსთან ერთად (GAVI) მოხარული არიან, დაეხმარონ საქართველოს მთავრობას COVID-19-ის ვაქცინის შეძენაში. წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის და სხვა დაუცველი ჯგუფების იმუნიზაცია საშუალებას მოგვცემს, თანდათან დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ბავშვებზე და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვებმა უსაფრთხოდ შეძლონ მათთვის საჭირო მომსახურებების მიღება. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისეთი პრევენციული ზომების დაცვა, როგორიცაა ხელების დაბანა, ფიზიკური დისტანცია და ნიღბების გამოყენება”, - თქვა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ ემი კლენსიმ.

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში დიდი ხანია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას რუტინული იმუნიზაციის პროგრამების განხორციელებაში. მთავრობის მოთხოვნით, გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე დაეხმარა მათ COVAX–ის პლატფორმის მეშვეობით COVID-19-ის ვაქცინების მოპოვებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოში ვაქცინის ყველაზე მსხვილი მყიდველია და ყოველწლიურად დაახლოებით 100 ქვეყნისთვის 2 მილიარდზე მეტ ვაქცინას შეისყიდის რუტინული იმუნიზაციისა და დაავადებების გავრცელების საპასუხოდ. ამჟამად, გაეროს ბავშვთა ფონდი კოორდინაციას უწევს და მთავრობებს ეხმარება COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვის, საერთაშორისო გადაზიდვის და ქვეყანაში ვაქცინების გადანაწილების პროცესში.

COVAX-ის პლატფორმა COVID-19-ის ვაქცინებზე წვდომის აქსელერატორის (ACT) ნაწილია, რომელიც უპრეცედენტო გლობალური თანამშრომლობაა COVID-19-ის ტესტების, მკურნალობის და ვაქცინების განვითარების, წარმოების და სამართლიანი წვდომის დასაჩქარებლად. COVAX-ის პლატფორმას ერთობლივად ხელმძღვანელობენ ვაქცინების გლობალური ალიანსი (Gavi), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და კოალიცია ეპიდემიისთვის მზადყოფნის ინოვაციებისათვის (CEPI), რომლებიც თანამშრომლობენ გაეროს ბავშვთა ფონდთან, როგორც ვაქცინების შესყიდვის და მიწოდების ძირითად პარტნიორთან.

COVAX– ის ინიციატივის მიზანია უზრუნველყოს ქვეყნებისთვის, მიუხედავად მათი შემოსავლის დონისა, COVID-19– ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების სამართლიანი და ხელმისაწვდომი განაწილება. ეს პლატფორმა საერთაშორისო სოლიდარობის მექანიზმია, რომელიც შეიქმნა 92 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, რათა მათ შეძლონ COVID-19-ის პანდემიასთან კოლექტიურად და ეფექტიანად ბრძოლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები