ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საქართველოში განათლებაზე, ჯანდაცვასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე წვდომა არ აქვთ, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
სიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებს ქუჩისკენ უბიძგებს - ამბობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს წარმოდგენილი ახალი კვლევა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა, ის ნორვეგიულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Fafo ჩაატარა.
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პოპულაცია ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს: ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში მშობლების მზრუნველობის გარეშე; ბავშვებს, რომლებიც დღისით ქუჩაში მუშაობენ და შემოსავალი ოჯახში მიაქვთ; ბავშვებს, რომლებსაც თან ახლავთ უფროსები, რომლებიც თავად მუშაობენ ქუჩაში; ბავშვებს, მიგრანტი ქუჩის ოჯახებიდან, რომელთა შორის სჭარბობენ ბოშებიდა აზერბაიჯანელი ქურთები.
საქართველოს და აზერბაიჯანის განსხვავებული სოციალური დახმარების პროგრამებისა, თუ სამართლებრივი ჩარჩოების (მათხოვრობის აკრძალვა და წვრილი მოვაჭრეების მიმართ სანქციების აღსრულების უფრო მკაცრი ზომების გამოყენება) და აზერბაიჯანული ვალუტის გაუფასურების გამო, ხდება ბევრი აზერბაიჯანელი ოჯახის მიგრაცია საქართველოში, სადაც ისინი ქუჩის ცხოვრებას ეწევიან. ზაფხულში, ტურისტული სეზონის დროს, ხშირია აზერბაიჯანული და სხვა ქუჩის მობილური ოჯახების საქართველოს ზღვისპირა კურორტებებისკენ მიგრაცია.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები ჯგუფებად იკრიბებიან და ერთად მოძრაობენ იმისთვის, რომ ერთმანეთი დაიცვან, ღამის გასათევი ადგილი იპოვონ, დასვენებისა და გართობის სივრცეები შეიქმნან და ითანამშრომლონ ეკონომიკურ აქტივობებში, მაგალითად, წვრილმან ვაჭრობასა და ქუჩაში მათხოვრობაში, ასევე წვრილმან დანაშაულში. ბავშვთა ზოგიერთ ჯგუფს ისეთი შიდა სტრუქტურა აქვს, რომელიც ბავშვებს ხელმძღვანელი/უპირატესისტატუსის მქონე ბავშვებად და დაქვემდებარებულ ბავშვებად ყოფს. უფროსი ბავშვები ზოგჯერ უმცროს ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 14 წელი, ფარად იყენებენ სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ.
კვლევის ზედამხედველობისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღების მიზნით, სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნა, რომლის წევრებიც, ძირითად პარტნიორებთან ერთად, არიან იუსტიციის სამინისტრო, განათლებისადა მეცნიერების სამინისტრო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“.
კვლევის საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭომ კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა ამოქმედდეს აუცილებელი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები ქუჩის ცხოვრებისგან ბავშვების დასაცავად.

























