უნიკალური შედეგები გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. კითხვა ახალ საბანკო რეგულაციებს შეეხებოდა, რომლის ფარგლებშიც განვადებებისა და იპოთეკური სესხების აღება გაჭირდა, ტექნიკის მაღაზიები კი შიდა განვადებებზე გადასვლას აპირებენ.
“თითოეული რისკი იყო გაანალიზებული. მესმის, რომ ბიზნესი არის პროაქტიული, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ბიზნესი არ ითმენს და არ ითმენს ის, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შედეგები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ მედლის ერთ მხარეზე, მეორეც არ უნდა დაგვავიწყდეს. საქართველო დაძლევს სიღარიბეს, თუ ჩვენ შევძლებთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას იმ ტემპებით, რომლითაც ჩვენ მას ვახორციელებთ.
ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად იყო, როდესაც ჩვენ გვქონდა პროფიციტი”- აცხადებს მამუკა ბახტაძე.

























