სადაზღვევო კომპანია "უნისონი" საბანკო ჰოლდინგების რეგულირების გამკაცრებას ითხოვს. კომპანიის ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ მიუხედავად საბანკო ჰოლდინგების რეგულირებისა, ბანკებს ამ დრომდე აქვთ შესაძლებლობა, ინვესტიცია საფინანსო სექტორში, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებში ჩადონ.
ვასილ ახრახაძე მიიჩნევს, რომ ეს არასამართლიან და არაკონკურენტლ პირობებში აყენებს სადაზღვევო კომპანიებს, რომელთა უკანაც ბანკი არ დგას. „უნისონში“ ამბობენ, რომ სწორედ ის სადაზღვევო კომპანიები ახერხებენ განვითარებასა და მეტ მოგებაზე გასვლას, რომლებსაც ამაში ბანკები ეხმარებიან.
"თუ არ გვინდა მივიღოთ სადაზღვევო სექტორში ისეთივე სიტუაცია, როგორიც საბანკო სექტორშია, სადაც 2 დიდ ბანკს უჭირავს დიდი ნაწილი, აუცილებელია რეგულაციების შემოღება.
მაგალითად, როდესაც მომხმარებელი წყვეტს, შეიძინოს ბინა, ან გააკეთოს ავტოსესხი, როგორც კი აფორმებს საკრედიტო ხელშეკრულებას, მაშინვე ხდება მისთვის ბანკის ჰოლდინგში შემავალი სადაზღვევო კომპანიის სერვისის შეთავაზება სავალდებულო წესით. ამასთან, ბანკს აქვს ე.წ. დათქმები, რომ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ მოახდენს მათ სასურველ მზღვეველთან ხელშეკრულების გაფორმებას, ბანკს უფლება აქვს გადახედოს საკრედიტო ხელშეკრულებას მომხმარებელთან.
შედეგად, მომხმარებელი ხდება უფლებაწართმეული, ის იძულებულია სესხის აღების მიზნით პროდუქტი დააზღვიოს იმ კომპანიაში, რომელსაც ბანკი მიუთითებს. ხელშეკრულების გაფორმება ხდება საკმაოდ მაღალი მარჟებით, რაც მაღალ მომგებიანობასაც განაპირობებს",- აცხადებს ვასილ ახრახაძე.
სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს ამზადებენ, რომელსაც ჯერ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში წარადგენენ, შემდეგ კი პარლამენტში.

























