მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

United Airlines-ი ფრენებს ამცირებს - ავიაკომპანია ელის, რომ ნავთობის ფასი $100-ზე მაღლა 2027 წლამდე დარჩება

united

მომდევნო ორ კვარტალში United Airlines-ი არამოგებიანი ფრენების რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. ავიაკომპანია ირანის ომის გამო საავიაციო საწვავზე ფასების ხანგრძლივად მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებისთვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობაზე ძლიერმა მოთხოვნამ ამერიკულ გადამზიდავებს ტარიფების გაზრდის საშუალება მისცა - წერს Reuters.

პარასკევს თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ კირბიმ აღნიშნა, რომ ავიაკომპანია ნავთობის ფასის ბარელზე 175 დოლარამდე ზრდას და 2027 წლის ბოლომდე 100 დოლარზე მაღლა შენარჩუნებას მოელის. ასეთი ტარიფების პირობებში United-ის საწვავის წლიური ხარჯი დაახლოებით 11 მილიარდი დოლარით გაიზრდება, რაც, მისი თქმით, კომპანიის მიერ "ყველაზე წარმატებულ წელს" მიღებულ მოგებას ორჯერ აღემატება.

ირანის ომმა ავიაკომპანიები საწვავის ახალი შოკის წინაშე დააყენა. თებერვლის ბოლოდან საავიაციო საწვავის ფასი თითქმის გაორმაგდა, რამაც მთელ ინდუსტრიაში ხარჯები გაზარდა. შეიცვალა მარშრუტები და დაწესდა საჰაერო სივრცის შეზღუდვები, რამაც ფრენების გლობალური გრაფიკი შეაფერხა.

"დიდია შანსი, რომ ასე ცუდადაც არ იყოს საქმე. თუმცა ამ სცენარისთვის მომზადება ჩვენთვის დიდ რისკებს არ შეიცავს", - წერს კირბი ავიაკომპანიის საწვავის პროგნოზებზე.

United-მა ნაკლებად მოგებიანი ფრენების, მათ შორის შუა კვირის, შაბათისა და ღამის რეისების შემცირება უკვე დაიწყო.

კომპანიის მიერ გავრცელებულ წერილში კირბი აღნიშნავს, რომ მეორე და მესამე კვარტალში ავიაკომპანია არაპიკურ პერიოდებში ფრენებს დაახლოებით 3 პროცენტული პუნქტით გააუქმებს, აქცენტი კი დაბალი მოთხოვნის მქონე მარშრუტებსა და დროზე გაკეთდება.

გარდა ამისა, კომპანია ჩიკაგოს ო'ჰარის აეროპორტიდან მგზავეთნაკადს დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით შეამცირებს და თელ-ავივისა და დუბაის მიმართულებით ფრენებს კვლავ შეჩერებულს დატოვებს. ჯამში, წლევანდელი გეგმური მგზავრთნაკადი დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები