"ბაზარზე მოთხოვნა არის. სამშენებლო ბიზნესი მუშაობს და ბევრი წინსვლაა, ბიზნესი ფართოვდება, სწორედ ამიტომ ახალი საწარმოს შექმნა გადავწყვიტეთ", - ამის შესახებ მშენებლობისთვის საჭირო მასალების მწარმოებელმა კომპანია Universe Business Group-ის დამფუძნებელმა რომან ბადალიანმა ახალი საწარმოს გახსნის კომენტირებისას “საქმიან დილაში” განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახალი საწარმოს შექმნით, მიმდინარე პროცესების გაკონტროლება, ნედლეულის მიწოდება და ხარისხის კონტროლი გამარტივდა.
“ამან მეტი საშუალება მოგვცა ბაზარზე უფრო დიდი მოცულობის პროდუქცია გაგვეშვა. ჩვენ ამ დრომდე აუთსორსზე ვმუშაობდით და სიტუაციას სრულად ვერ ვაკონტროლებდით, ამიტომ ახლა ყველაფერი ერთ საწარმოში და ერთ სივრცეშია, შესაბამისად, ყველაფრის კონტროლის მექანიზმი გვაქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ 18 ახალი თანამშრომელი დავიმატეთ", - აღნიშნა ბადალიანმა.
Universe Business Group-ის დამფუძნებელმა კონკურენციასა და საქესპორტო ბაზრებზეც ისაუბრა.
“ბაზარზე მარტოები არ ვართ და მსგავსი ქარხანა ბევრია. ჩვენ მწარმოებლებთან ერთად, ასევე, იმპორტიორებიც ვართ და კონკურენტებს მუშაობისთვის საჭირო გზას არ ვუკეტავთ. Universe Business Group-ს სამომავლოდ სერტიფიცირების საკითხის მოგვარება სურს.
ექსპორტზე ვფიქრობ და ორიენტირი ძირითადი აფრიკის ქვეყნებზე მაქვს. შესაბამის სერტიფიკატს ველოდებით, რომ ევროპის ბაზარიც ავითვისოთ. ასევე, უკვე მცირე ექსპორტი სომხეთის ბაზარზეც განვახორციელეთ.
უახლოეს მომავალში ამ საკითხის განსახილველად ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტორებს ბიზნესმბუდსმენის აპარატში შევხვდებით.
აუცილებელია, რომ საქართველოში ნაწარმოებ ინდუსტრიულ პროდუქციას შესაბამისობის სერტიფიკატი ჰქონდეს. ამასთან, ჩვენ ISO სტანდარტის და ქართული ხარისხის მიღებაზე განაცხადი წარდგენილი გვაქვს. იმ მოთხოვნებს, რაც ქარხანას და საწარმოს უნდა ჰქონდეს, ვაკმაყოფილებთ", - განმარტა რომან ბადალიანმა.
ცნობისთვის: მშენებლობისთვის საჭირო მასალების მწარმოებელმა კომპანიამ Universe Business Group-მა პანდემიის პერიოდში საწარმო გახსნა. კომპანია მშენებლობისთვის საჭირო ისეთ მასალებს აწარმოებს, როგორიც არის ხარაჩოები, უსაფრთოების მოაჯირები და სხვა.