მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია სავარაუდოდ ივნისში დაიწყება“ - მერია

6440fa659ab8f
თათია ჩაფიჩაძე
20.04.23 23:50
6080
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია სავარაუდოდ ივნისში დაიწყება. ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ ისაუბრა.

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის გარდა, მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია. სამუშაოები ივნისში დაიწყება. კარგი პერიოდი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ყოველთვის არის ზაფხული, თუმცა ისეთი მასშტაბური პროექტი როგორიც წერეთლის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 8 თვეა საჭირო, როცა არ უნდა დავიწყოთ ზაფხულის გარდაც სხვა სეზონებზეც გვიწევს მუშაობა,“ - განაცხადა აბუთიძემ.

თბილისის მერიამ, ვაკის რაიონში უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი 13 აპრილს გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდა. როგორც თბილისის მერიის მხრიდან წარმოდგენილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საუბარია ქუჩის პროექტირება და რეაბილიტაციაზე.

კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო დოკუმენტაცია 45 კალენდარულ დღეში უნდა ჩააბაროს დამკვეთს. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს ის წერილობითი დავალების გაცემიდან 145 კალენდარული დღის ვადაში უნდა შესრულდეს.

სახელმწიფო შესყიდვას თანდართული აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტენსივობის სქემაც. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩაზე (ანჯაფარიძის ქუჩიდან ახალ სპორტის სასახლემდე) დღის პერიოდში ერთი მიმართულებით მოძრაობს 12-მეტრიანი ავტობუსი (350-ჯერ), 8-მეტრიანი ავტობუსი (70-ჯერ), მიკროავტობუსი (112-ჯერ).

საპროექტო მოცულობით ქუჩაზე უნდა გაიაროს 18-მეტრიანმა ავტობუსმა (600-ჯერ), 12-მეტრიანმა ავტობუსმა (200-ჯერ), 8-მეტრიანმა ავტობუსმა (200-ჯერ), მიკროავტობუსმა (40-ჯერ).

თუმცა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ნაცვლად 18 მეტრიანი ავტობუსებისა, შესაძლოა ქუჩაზე ორსახსრიანმა 24-25 მეტრის ავტობუსებმა იარონ. ამ შემთხვევაში მოცემულ მონაკვეთს ავტობუსი გაივლის 350-ჯერ.

სამუშაოების ღირებულება 17.2 მლნ ლარია. შესყიდვაზე წინადადებების მიღება 2023 წლის 10 მაისს დაიწყება და 15 მაისს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები