უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბისა და ხიდის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 2025 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მთავარ მიზანს ქალაქში მოძრაობის გამარტივებაა.
„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბისა და ხიდის მშენებლობას ვიწყებთ. რაც შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. ანუ, წყნეთიდან, ბაგებიდან წამომსვლელი ავტომობილი, რომელიც იყენებს ახალ ხიდს, შესაძლებლობა ექნება ამ პროექტის დასრულების შემდეგ, პირდაპირ მოხვდეს ქავთარაძის ქუჩაზე.
აღნიშნული გვირაბი, უნივერსიტეტის ქუჩის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს აღნიშნული ხიდით. ძალიან დიდი დაწოლა აქვს უნივერსიტეტის ქუჩას და ამ პროექტის საშუალებით, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ პირდაპირ ქავთარაძის ქუჩას დავუკავშირდეთ. პროექტის ფარგლებში მოეწყობა გვირაბის მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარები, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა წყალ მოსაცილებელი და სადრენაჟო სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, ასევე გვირაბის გასწვრივ ბეტონის დამცავი კედლები აშენდება, გვირაბში იქნება ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი, თითო მიმართულებით“,-აცხადებს თბილისის მერი.
მისივე ცნობით, აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 12 მლნ ლარია. პროექტზე მუშაობა მიმდინარე კვირას უნდა დაიწყოს.