2020 წლისთვის მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე აზიამ თავისი წილი შესაძლოა 28%-მდე გაზარდოს, - აღნიშნულის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ განაცხადა.
რიფაიმ ჩინეთში UNWTO-ის გენერალური ასამბლეის 22-ე სესიაზე აღნიშნა, რომ აზიაში ტურიზმის სწრაფი ტემპით იზრდება, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს 3-4%-ით აღემატება. მიუხედავად ამისა, რეგიონი გლობალურ ბაზარზე კვლავ 20%-ზე ნაკლებს იკავებს, მაშინ როდესაც ევროპის წილი 50-52% -ს შეადგენს.
UNWTO-ის გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ტურიზმის შემდგომი განვითარება სამი ძირითადი პრობლემის წინაშე დგას, რაც მიმდინარე ფორუმზე დისკუსიის ძირითადი თემები გახდება. კერძოდ, ეს არის მდგრადობის პრობლემა: ტურისტული ინდუსტრიის განვითარება ადამიანებს მეტ სარგებლობას მოუტანს, თუკი მას სტაბილური ხასიათი ექნება. მეორე ტექნოლოგიური პრობლემებია, რადგან ახალი ტექნოლოგიების უფრო ეფექტური გამოყენების აუცილებლობა აშკარაა, რაც უპირველესად, ტრადიციულ ტურიზმს უნდა მოერგოს. რიფაის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოებაა.
UNWTO- ის პროგნოზის მიხედვით, ტურისტების რაოდენობა მსოფლიოში 2030 წლისთვის 1.8 მილიარდს გადააჭარბებს. ორგანიზაციის მონაცემებით, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ბაზრად ჩინეთი ითვლება და იგი აღნიშნული სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

























