„აიდიეს ბორჯომის“ დირექტორი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჩამომსხმელი ქარხანა უპრეცედენტო პროექტია, რომელსაც განვითარების ახალ საფეხურზე გადაჰყავს კომპანია. მან ამის შესახებ ქარხნის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
"მინდა შეგახსენოთ 2022 წელს ჩვენს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელმაც კომპანია ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე დააყენა, საფრთხე შეუქმნა მის ფუნქციონირებას, აქ დასაქმებულ ასობით ადამიანს და მათ ოჯახებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, გამხდარიყო „აიდიეს ბორჯომის“ აქციონერი, გადაარჩინა კომპანია. ჩვენ არა მარტო აღვადგინეთ შეჩერებული პროცესი, არამედ დავაფიქსირეთ უპრეცედენტო ზრდა, განვავითარეთ და გავამდიდრეთ კომპანიის პორტფელი ინოვაციური პროდუქტებით, დავიწყეთ ქარხნის მშენებლობის უმნიშვნელოვანესი პროცესი და დღეს ერთად ვზეიმობთ ახალი ქარხნის გაზრდას. ეს არის უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც განვითარების ახალ საფეხურზე გადაჰყავს კომპანია. ეს მაღალტექნოლოგიური საწარმო არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში და მე მგონი არა მარტო, განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 120 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია. ამიერიდან ერთ ახალ გაერთიანებულ ქარხანაში და ტექნოლოგიურად მოწინავე გარემოში მოხდება ბორჯომის პორტფელში არსებული მინერალური წყლების და ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოება. ეს ქარხანა გახდება გახდება ერთგვარი ხიდი ბორჯომის მემკვიდრეობასა და მის მომავალს შორის. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელი ვართ. ახალ ქარხანაში მუშაობს 600 ადამიანი და მათი 100% ადგილობრივია. მთლიანად, საერთაშორისო ბაზრების ჩათვლით, კომპანიაში 1400 ადამიანია დასაქმებული", - თქვა ივანე მაჭავარიანმა.




























