ურეკში ზღვისპირა ზოლის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა ამ დროისთვის პროექტირების ეტაპს გადის. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ოზურგეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, სამსენებლო სამუშაოები მასშტაბურობიდან გამომდინარე წელს ვერ მოესწრება, თუმცა საზღვაო კურორტი სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით სავარაუდოდ მომავალი წლისთვის შეხვდება. ბულვარის გარდა ურეკში მომავალი წლისთვის ველობილიკების, ბორდიურებისა და გზის ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი.
"საუბარია ზღვისპირა ზოლში ბულვარის, განათების, სველი წერტილების მოწყობაზე. დაგეგმილია ასევე ზღვაზე გასასვლელების გაკეთება. სრულად განხორციელდება ცენტრალური გზის ალფალტირება, განათდება ქუჩები, მოეწყობა ბორდიურები და ასფალტირება ჩაუტარდება შიდა გზებს. გარდა ამისა სანაპირო ზოლთან მოეწყობა საფეხმავლო გზა, დამსვენებლებს შეეძლებათ ველობილიკებით სარგებლობა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტირება ზაფხულში დასრულდება და შემდგომ გამოცხადდება ტენდერი", - განუცხადა BM.GE-ს თამაზ ლომჯარიამ.