მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ურეკში, მუნიციპალიტეტის ახლადგარემონტებული შენობა დაანგრიეს, გამგეობა კი, ფართს ქირაობს

5c23269d1dd18
თამუნა დემეტრაშვილი
26.12.18 10:49
951
დაბა ურეკში, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ახალად გარემონტებული ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც გამგებლის წარმომადგენლის სამსახური და ამბულატორია ფუნქციონირებდა დაანგრიეს, ახალ ფართში კი, ყოველთვიურ ქირას იხდიან.

საქმე ისაა, რომ 2017 წელს მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდს, ადმინისტრაციული შენობის ადგილას საბავშვო ბაღის აშენება სთხოვა, სწორედ ამ მოტივით მოხდა შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ბაღის მშენებლობა დაიწყო.

როგორც შემოწმების დროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მუნიციპალიტეტში განუმარტეს, ადმინისტრაციული შენობის დანგრევის საჭიროება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დაბის ტერიტორიაზე ბაღის ასაშენებლად თავისუფალი ადგილი არ იყო, თუმცა მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეს არგუმენტი მიუღებელია.

,,საჯარო რეესტრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტი დაბა ურეკში ფლობს თავისუფალ ადგილებს, სადაც მშენებლობა შესაძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის განმარტება, ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟის მოტივთან დაკავშირებით, ობიექტურ არგუმენტად ვერ ჩაითვლება“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლის საქმიანობას ეხება.

მაკონტროლებელი, მუნიციპალიტეტს საქმიანობის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებს.

,,მუნიციპალიტეტს შეეძლო უკეთესი შედეგის მიღება, კერძოდ - შეენარჩუნებინა წინა წელს გარემონტებული ადმინისტრაციის შენობა და ამბულატორია, რაც 9 ათას ლარამდე დაჯდა, ხოლო საბავშვო ბაღი აეშენებინა სხვა თავისუფალ ადგილას“, - ნათქვამია დასკვნაში.

გამგებლის წარმომადგენლის სამსახური შენობის იჯარაში ყოველთვიურად 200 ლარს იხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები