აჭარაში, ბათუმში, 21-22 ივნისს ორდღიანი ზაფხულის ფესტივალი „ზაფხული იწყება აქ“ ჩატარდება. ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურისტული სეზონის გახსნაა. ღონისძიება ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარედ გაიმართება.
ფესტივალის მუსიკალური ნაწილის გასამართად ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გამარტივებულ შესყიდვას იყენებს. შესყიდვის განმარტებით ნაწილში სააგენტო მიუთითებს, რომ ღონისძიება „საინტერესო პროგრამითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით დატვირთული იქნება, რომელიც საზაფხულო განწყობას შემოიტანს ქალაქში“.
მომწოდებლები სააგენტოს მიერ შერჩეულია ექსკლუზიური უფლების საფუძველზე, რაც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გამარტივებული შესყიდვის საფუძველია.
შესყიდვის ფარგლებში 11 მუსიკოსსა და ჯგუფს საერთო ჯამში 143 100 ლარი უნდა გადაუხადონ. თანხის უდიდესი ნაწილი ერთ ბენდზე მოდის — ყველაზე მეტი თანხა, 30 000 ლარი, გათვალისწინებულია ჯგუფ „ურსას“ მომსახურებისთვის, ყველაზე ნაკლები კი ადგილობრივ დიჯეი DJ Bene-ზე (გიორგი ცინცაძე) — 1 900 ლარი.
შესყიდვის თანახმად, ფესტივალში მონაწილეობენ:
- მუსიკალური ჯგუფი „ურსა“ – 30 000 ლარი
- „კახაბერი და ხანუმები“ – 25 200 ლარი
- ჯგუფი „რეგიონი“ – 22 300 ლარი
- ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდისა და დიჯეი ჩიკის ერთობლივი პროგრამა – 20 000 ლარი
- ჯგუფი „New One“ – 15 200 ლარი
- ბენდი „მიქსტურა“ – 15 200 ლარი
- DJ Guri De Sal (გური სალუქვაძე) – 4 000 ლარი
- ბენდი La fiesta – 3 100 ლარი
- ბენდი The Emotion – 3 100 ლარი
- ბენდი 4UP – 3 100 ლარი
- ადგილობრივი დიჯეი DJ Bene – 1 900 ლარი
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო შესყიდვის საფუძვლად ასევე ასახელებს წინა წლების გამოცდილებას, მუსიკოსების პოპულარობასა და ფესტივალის მონაწილეთა რეიტინგს.

























