1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს არ ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია. ფონ დერ ლაიენთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსიც ჩავა.
ევროკომისიის ინფორმაციით, ვიზიტისას ოთხ პრიორიტეტზე გამახვილდება ყურადღება:
- სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა;
- რეგიონის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის გაუმჯობესება;
- სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება;
- რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა;
ეს იქნება ბოლო ორ თვეში ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვიზიტი სომხეთში. აღსანიშნავია, რომ 4 ივნისს რუსული ემბარგოს საპასუხოდ ევროკავშირმა სომხეთის დახმარების პაკეტი გამოაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის შეტანა აკრძალა. რუსეთის ხელისუფლება უკვე წლებია ახორციელებს ამათუ იმ პროდუქტის შეტანაზე აკრძალვების პრაქტიკას იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც მათი ურთიერთობები უარესდება. კრემლი სომხეთს რუსული გაზის გაძვირებითაც ემუქრება.




























