საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია Urwerk-მა დავით კაკაბაძესთან კოლაბორაციით ახალი საათი UR-100V TIME AND CULTURE III წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საათების მწარმოებელი სახლის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ არხებზე აქვეყნებს.
საათების მსოფლიო ბრენდისა და დავით კაკაბაძის თანამშრომლობის შედეგის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე ბიზნესმენმა რესან ქიქავამ დაწერა. როგორც მან BM.GE-სთან აღნიშნა, ეს არის უნიკალური საათი, რომელიც ოქროსია და URWERK-ისთვის მინანქარში შესრულებული პირველი ნამუშევარია. ამ დროისთვის საათის ღირებულება უცნობია.

„მეგობრებო, მინდა სიხარულით გაგაცნოთ პროექტი, რომელზეც სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე David Kakabadze-სთან ერთად.
შვეიცარიული საათების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მწარმოებელმა Urwerk-მა, David Kakabadze Art Studio-სთან თანამშრომლობით, თავის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მოდელზე, ქართველების მიერ ტიხრულ მინანქარში შესრულებული ციფერბლატი ჩასვა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის კედლიდან აღებული მაცხოვრის ფრესკის გამოსახულებით.
აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ მინანქრის ნაწილი, არამედ თავად ციფერბლატის ეს რთულად შესასრულებელი ფორმა, დავით კაკაბაძის სტუდიაში დამზადდა, რაც მნიშვნელოვანი საინჟინრო მიღწევაა.
ეს კოლაბორაცია და ეს ფაქტი არის ისტორიული მოვლენა, შვეიცარიული საათების სამყაროში ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობის, ჩვენი უნიჭიერესი ხელოვანების აღიარების და მომავალი თაობების წარმატებების გზის გასაკაფად.
გილოცავთ ყველას, ვულოცავ David Kakabadze-ს, მის სტუდიას, მადლობა ღმერთს და წარმატებები ჩვენს ქვეყანას“, - წერს რესან ქიქავა.

რაც შეეხება თავად საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, URWERK-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში დეტალურად არის წარმოდგენილი დავით კაკაბაძესთან თანამშრომლობისა და საათისთვის დიზაინის იდეის შესახებ ინფორმაცია.
„URWERK აგრძელებს დროის კვლევას ცივილიზაციებში და დღეს არაჩვეულებრივ ქმნილებას: UR-100V Time and Culture III წარმოაჩენს. ეს უნიკალური ნაკეთობა სათავეს იღებს შვეიცარიული საათის მწარმოებელი სახლისა და დავით კაკაბაძის სახელობის სტუდიის უპრეცედენტო მხატვრული თანამშრომლობით, რომელიც საქართველოში, თბილისში მდებარეობს.
URWERK თავისი კოლექციის "დრო და კულტურა" მეშვეობით დროის ტრანსკრიფციის ფუნდამენტურ კონცეფციებს აღნიშნავს. ამერიკული და შუამდინარეთის სიმბოლიკის შესწავლის შემდეგ, ახალი UR-100V დრო და კულტურა ქართული მართლმადიდებლური ტრადიციის ცენტრში მიგვიყვანს, იმ მიწაზე, სადაც სულიერება, რელიგია და ხელოვნება საუკუნეების მანძილზე მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული.

ხელოვნების მინიატურული ნიმუში - ყვითელი ოქროს ნაკეთობა UR-100V Time and Culture III-ის დეკორაცია 24 კარატიანი ტიხრული მინანქრისა და მინიატურული მხატვრობის ნამდვილი შედევრია. ის 1152 დღის განმავლობაში იქმნებოდა, 19 სხვადასხვა მინანქრის გამოყენებით და 750°C ტემპერატურაზე 16-ჯერ გამოწვით. ყოველი საფეხური, თითოეული ფერი და ყოველი მრუდი კაკაბაძის ატელიეს ოსტატთა მიერ ემოციურად გადმოცემულ საუკუნოვან გამოცდილებაზე მეტყველებს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის კედლის ფრესკების ფრაგმენტით შთაგონებული გამოსახულება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ჭეშმარიტი ძვირფასი ქვით, კომპოზიცია ქრისტიანული ლიტურგიით არის შთაგონებული: უძველესი ლეგენდის თანახმად, კაცმა, სახელად ელიამ, ჯვარცმის შემდეგ საქართველოში ქრისტეს კვართი ჩამოიტანა. მის დას, სიდონია, წმინდა ტანსაცმელთან შეხების შემდეგ კვართით ხელში გარდაიცვალა. ის მაცხოვრის კვართთან ერთად დაკრძალეს, საფლავიდან კი სურნელოვანი ხე ამოიზარდა. IV საუკუნეში, ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მეფე მირიან III-მ ამ ადგილზე საქართველოს პირველი ეკლესია ააგო.
საათი. მეხსიერება მეხსიერების მიღმა.
UR-100V Time and Culture III მანიფესტია, რომლის მეშვეობითაც თანამედროვე საათის წარმოება ძველ სულიერებასთან და ტრადიციებთან იწყებს დიალოგს. დროის კაფსულა, სადაც ყოველი წამი ხდება მარადისობის გასხივოსნებული მზერა“, - წერია URWERK-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საათების შვეიცარიული ბრენდის ისტორია 1997 წელს დაიწყო და წლიური წარმადობა 150 ერთეულ საათს შეადგენს. URWERK მუშაობს როგორც სახელოსნო, სადაც ტრადიციული ოსტატობა და უახლესი დიზაინი სრულყოფილ ჰარმონიაში თანაარსებობენ. ბრენდი ქმნის უაღრესად კომპლექსურ, თანამედროვე საათებს, რაც მას საათების სხვა მწარმოებლებისგან განასხვავებს.

























