ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა OpenAI-მ, რომელიც ChatGPT-ს ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს, 2026 წელს აქციების პირველად საჯარო განთავსებაზე უარი თქვა.
როგორც ირკვევა, კომპანიის გადაწყვეტილება AI-ს განვითარებასთან დაკავშირებულმა უსაფრთხოების რისკებმა განაპირობა. გამოცემა Fortune-თან საუბრისას აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა არსებულ პირობებში ბირჟაზე გასვლა გაუმართლებელ ნაბიჯად შეაფასა. ოლტმენის განმარტებით, ხელმძღვანელობა აქციების გასაჯაროების კუთხით რაიმე სახის ზეწოლას არ განიცდის. ტექნოლოგიურ სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით კი კომპანია ამჟამად მთავარ პრიორიტეტად უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას მიიჩნევს.
ამასთან, ოლტმენმა ხელოვნური ინტელექტის მხრიდან კაცობრიობის შესაძლო გადაშენების საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ათწლეულის ბოლომდე მსგავსი კატასტროფის თუნდაც 10%-იანი ალბათობა სრულიად შემაშფოთებელი და მიუღებელია.
OpenAI-ის ხელმძღვანელის შეფასებით, რისკის ზუსტი პროცენტის დადგენა რთულია, თუმცა არსებული საფრთხის მასშტაბი ტექნოლოგიური კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში პირადი ამბიციებისა და ფინანსური მოგების ინტერესების წინ წამოწევა დაუშვებელია.
























