საქართველოში "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს. მოცულობითი დადგენილებით ბევრი დეტალია გაწერილი და განსაზღვრული, - აღნიშნული თემით "საქმიან დილასთან" "ბაუინვესტის" დირექტორმა მალხაზ სოლომნიშვილმა ისაუბრა.
-ბატონო მალხაზ, ეთანხმებით თუ არა იმ შეფასებას, რომ რეგლამენტის დამატებითი პუნქტების ამოქმედებამ შესაძლოა პრობლემები შექმნას და ბაზარზე ბინების ფასები გაზარდოს?
-რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმას, რომ რეგლამენტის ამოქმედებამ გარკვეულ პერიოდში, შესაძლოა, პრობლემები შექმნას. ეს უდავოა, რადგან როდესაც რეგლამენტი მკაცრდება, ეს ძირითადად სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შექმნას ეხება და თავისთავად თვითღირებულების გაზრდას იწვევს.
-თქვენი აზრით, აღნიშნული რეგლამენტი საჭიროა?
-რეგლამენტი აუცილებელი და საჭიროა, თუმცა, ვფიქრობ, რომ მისი ზოგიერთი კომპონენტი შეიძლება ნაადრევი იყოს და ცოტა მოგვიანებით უნდა დანერგილიყო.
- ბიზნესინტერესების დაცვასა და შესაძლო რისკებს შორის ზღვარი სად გადის, რომელიც შეიძლება გაუთვალისწინებელ პუნქტებს თან ახლდეს?
-რეგლამენტი მისაღები იყო და ბინის გაძვირება, რომელიც შეიძლება 50 ან 100 ლარით მოხდეს, ერთი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ღირს. მე ამას ვადარებ, როდესაც ავტომრეწველობაში უსაფრთხოების ბალიშები შემოვიდა, რამაც ავტომობილების ღირებულება გაზარდა, თუმცა, ეს არ ღირდა სალაპარაკოდ. უსაფრთხოების სისტემები ცოტა ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენ ერთი ადამიანის სიცოცხლედაც გვიღირს.
-როგორ შეაფსებთ მშენებლობის ტემპებს, ბევრი მიმდინარე მშენებლობაა და შუა გზაში წამოწეული დამატებითი ვალდებულებები რიგ შემთხვევებში პრობლემებს ქმნის…
-ამ მიმართულებით შედარებით კარგი მდგომარეობაა. ის მშენებლობები, რომელიც დაწყებულია ძველი რეგლამენტით მიმდინარეობს და მასში არანაირი ცვლილების შეტანა არ გვიწევს. აღნიშნული ცვლილებები ახალ პროექტებს შეეხება და დიდ გავლენას არ მოახდენს მშენებლობის ტემპზე. გავლენა იქნება იმაზე, რომ ზედმეტი დანახარჯები იქნება, რადგან მაგალითად, ცეცხლგამძლე კარები 1500 ლარი ღირს, როდესაც ჩვეულებრივი კარის ფასი 250 ლარია.
ჩემი აზრით, რეგლამენტში ხარვეზებია გაპარული და ამ ხარვეზებზე ფულის გადახდა მცხოვრებლებს უწევთ. ნულოვან სართულზე ავტომობილების სადგომი კეთდება, დაბლა კლდეა და მშენებლობას ნული სართულიდან ვიწყებთ. აქ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ოთახი უნდა გამოიყოს და თუ ნულ სართულზე გაკეთდება იგი, მთელი ეს სართული, სადაც ფარეხებია განთავსებული, საცხოვრებელ ფართად ითვლება. რა თქმა უნდა, კომპანია ნულოვან სართულს საცხოვრებელ ფართად ვერ გაყიდის და ზარალი ძალიან გაიზრდება, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. როდესაც საშხეფეები სამზარეულოშია, სენსორი უნდა დამონტაჟდეს, რომელიც კვამლის შემთხვევაში წყალს ავტომატურად გამოუშვებს. მაგალითად, კერძი მზადდება, რომელიც დაიწვა და კვამლი აუშვა, სენსორი ავტომატურად ჩაირთვება და წყალი წამოვა წყალი, რომელიც სამზარეულოს მთლიანად დაასველებს და რემონტს გააფუჭებს. ჩემი აზრით, მშენებლები ბინაში არ უნდა შედიოდნენ, ჩვენი ვალდებულება უნდა იყოს, დერეფანში გავაკეთოთ ყველაფერი. მშენებლის საქმეა საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც საერთო მოხმარების სივრცეა, მაგალითად, სადარბაზო, დერეფანი თუ ეზოს მოპირკეთება, ხოლო ბინა უკვე მომხმარებლის არჩევანზე უნდა იყოს.

























