მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის $24-მილიონიანი პროექტის მიზანი - ვის შეუძლია გახდეს პროგრამის ბენეფიციარი?

6466226cdebc3
თელარა გელანტია
18.05.23 22:00
1034
„ძლიერი სოფლის პროგრამა“ - ასე ჰქვია USAID-ის ხუთწლიან პროექტს საქართველოში, რომელიც 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 24 მლნ დოლარია და მისი მიზანი ადმინისტრაციულ საზღვრებთან მდებარე თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაა.

უფრო კონკრეტულად პროგრამის მისიაზე და ასევე, ვის და როგორ შეუძლია მონაწილეობა და როგორ ეხმარება USAID-ი ბენეფიციარებს, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ძლიერი სოფლის პროგრამის“ ხელმძღვანელის მოადგილემ შალვა ფიფიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ხუთწლიანი პროექტის მიზანია, დაეხმაროს საოკუპაციო ხაზთან მდებარე თემებში მცხოვრებ მოსახლეობას, მცირე და საშუალო საწარმოებს და ხელი შეუწყოს ახალ ბაზრებთან წვდომას, ბაზრების შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და შემოსავლების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

„პროგრამა ფარავს სამაჩაბლოს და აფხაზეთის გასწვრივ არსებულ 94 თემს. ეს არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენთან ერთად, მაგრამ აქვთ მთელი რიგი პრობლემები, რომელიც დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრირებას უკავშირდება... ხშირ შემთხვევაში პრობლემაა ტექნიკასთან წვდომა, რადგან მფლობელებს ეშინიათ, არ დაკარგონ და ა.შ. ამ 94 თემში, ჯამში, 220 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ამდენად, „ძლიერი სოფლის პროგრამის“ მიზანია, დავეხმაროთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაში, რათა უფრო მარტივად შეძლონ როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკაში ინტეგრირება, ისე საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტი. რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, ის კონკრეტული რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე შეირჩა. მაგალითად, შიდა ქართლის შემთხვევაში, ეს არის ხილი და ბოსტნეული; სამეგრელოში - თხილი, დაფნა, მოცვი და ა.შ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ წარმოების გაზრდაში ვეხმარებით ბენეფიციარებს, არამედ სრული საწარმოო ჯაჭვის აწყობაში - მოყვანიდან/წარმოებიდან რეალიზაციის ჩათვლით“, - განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

როგორც შალვა ფიფიამ განმარტა, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს მოგებაზე ორიენტირებული ფიზიკური (ინდმეწარმე) ან იურიდიული პირი, რომელიც ცხოვრობს სამიზნე არეალში ან კავშირი აქვს იმ 94 თემთან, რომელსაც „ძლიერი სოფლის პროგრამა“ ფარავს.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ხდება, განაცხადების მიღება და შეფასება, შემდეგ პოტენციურ ბენეფიციარებთან ადგილზე ვიზიტი, შერჩეული აპლიკანტებისთვის დეტალური ბიზნესგეგმის მომზადება და ბოლო ეტაპია დაფინანსება.

„როგორ უკვე აღვნიშნე, პროგრამის მიზანი ადმინისტრაციულ საზღვრებთან მდებარე თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაა. ჩვენ ვცდილობთ, ამ პროგრამით დავეხმაროთ ბენეფიციარებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია-ექსპორტში არატრადიციულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რადგან ეს ბაზრები არის სტაბილური. ჩვენ ვიცით, რომ გრძლევადიან პერიოდში, ამ ბაზრებიდან უფრო მეტი შემოსავლის მიღების და ძლიერი ბიზნესკავშირების აწყობა შეიძლება, ვიდრე - რუსეთიდან, საიდანაც გარკვეულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება კონკრეტულ ბიზნესებს პრობლემები შეუქმნას“, - აღნიშნა შალვა ფიფიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები