"აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) დაფინანსების შეჩერება და მისი პოტენციური დაშლა 2030 წლისთვის მსოფლიოში სიკვდილიანობას დამატებით 14 მილიონი ადამიანით გაზრდის", - ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.
იანვარში, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა USAID-ისა და სააგენტოს მიერ მსოფლიოში განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსება, რაც, მათი თქმით, ხარჯების შემცირების უფრო ფართო გეგმის ნაწილია.
ადამიანის უფლებათა ექსპერტებისგან ტრამპის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა. USAID კრიტიკულ როლს ასრულებს გლობალურად ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში, განსაკუთრებით კი დაბალი და საშუალო ეკონომიკების ქვეყნებში.
კვლევის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, USAID-ის დაფინანსებით, სხვადასხვა პროგრამამ გლობალურად 91 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების პრევენცია უზრუნველყო, მათგან 30 მილიონზე მეტი კი - ბავშვებში.
პროგნოზის თანახმად, დაფინანსების შემცირება და სააგენტოს პოტენციური გაუქმება, 2030 წლამდე 14 მილიონი ადამიანით მეტის სიკვდილიანობას გამოიწვევს, მათგან 4.5 მილიონი კი 5 წლამდე ბავშვი იქნება.
ვაშინგტონი ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, რომლის საერთაშორისო დახმარებაში კონტრიბუციაც, გაეროს ინფორმაციით, 38%-ია. მხოლოდ გასულ წელს საგარეო დახმარების სახით აშშ-მა $61 ილიონი გამოყო, საიდანაც ნახევარი USAID-ის გავლით დაიხარჯა.
ბოლო ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ 6-კვირიანი განხილვის შემდეგ USAID-ის პროგრამების 80% შეაჩერა ან გააუქმა. დარჩენილი 1000 პროგრამა კი, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, კონგრესისა და სახდეპის თანამშრომლობით, "უფრო ეფექტიანად იმართება".




























