USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენელმა და „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ დირექტორმა ხელი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს. მხარეებს შორის დაწყებული თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს კაპიტალის ბაზრის ცნობადობის ამაღლება და დარგის განვითარებაა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოში კაპიტალის ბაზრის ცნობადობის ამაღლებაზე აქტიურად მუშაობს. ამჯერად კი აქტივობები, რომელსაც კომპანია USAID-თან განახორციელებს საგანმანათლებლო და საინფორმაციო მოკლე ვიდეოების შექმნასა და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებზე განთავსებას მოიცავს.
„ამ თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებულია საგანმანათლებლო ვიდეოები, რომლებიც გარკვეული დროს მანძილზე მედიაში გავრცელდება. ამის მიზანია, საქართველოს მოსახლეობა, ინვესტორები, პოტენციური ინვესტორები ეცნობოდნენ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს და ამაღლდეს კაპიტალის ბაზრის მიმართ ცნობადობა“, - აღნიშნავს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ დირექტორი გია მორჩილაძე.
„ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა“ ქვეყანაში ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები შექმნა. კომპანიისთვის ოპერირების პირველი, 2022 წელი გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა კომპანიამ შეძლო და პირველი ფონდი შექმნა. როგორც „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ საინვესტიციო ოფიცერი რატი მორჩილაძე ამბობს, 2023 წლისთვის კომპანიის უმთავრეს მიზნად ქვეყანაში საინვესტიციო კულტურის განვითარება რჩება.
„მომავალ წელს ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დავგეგმოთ შეხვედრები კერძო და საჯარო სექტორთან, სხვადასხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან, რომლებსაც ახალ ფინანსურ პროდუქტებს გავაცნობთ. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, ქვეყანაში საინვესტიციო კულტურას განავითარებს“ - აცხადებს რატი მორჩილაძე.
ინფორმაციისთვის: „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ და USAID-ი ახალი თანამშრომლობის ფარგლებში აქტივობებს უნივერსიტეტებთანაც დაგეგმავენ. ასე კი საინვესტიციო სფეროს განვითარების მიმართულებით სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ჩართულობას გაზრდიან.
NS