USAID-ის პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, PACE ჯგუფში შემავალ კომპანია „ტრანსფორდში“, რომელიც „ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ ოპერირებს, 6-კვირიან სასწავლო კურსს 64 სტუდენტი გაივლის.
როგორც bm.ge-ს „ტრანსფორდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა განუცხადა, სასწავლო პროგრამას სრულად „ტრანსფორდი“ აფინანსებს.
სატრენინგო პროგრამა მოიცავს სატვირთო ოპერაციების შემსრულებელი დოკერის და ჰიდრავლიკური თვითმავალი სახსრულ-ისრიანი ამწეს მძღოლ-ოპერატორის გადამზადების კურსს.
„კურსის ხანგრძლივობა 6 კვირაა, მათ შორის 3 კვირა თეორიულ ნაწილს მოიცავს ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, 3 კვირა - კი პრაქტიკას შპს „ტრანსფორდში“, - ამბობს ვასილ მაზიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, მოკლევადიან სატრენინგო პროგრამებზე გამოცხადებულ კონკურსში სულ 82 პირი დარეგისტრირდა, გასაუბრებაზე 72 პირი გამოცხადდა და მათგან 64 შეირჩა.
სატვირთო ოპერაციების შემსრულებელი დოკერის სასწავლო კურსს გაივლის 13 სტუდენტი, ჰიდრავლიკური ამწე ოპერატორის პროგრამას კი - 45.
„როგორც დოკერის, ისე ამწე ოპერატორის სასწავლო კურსებზე ჯგუფები დაკომპლექტდა და თეორიული ნაწილის სწავლა დაიწყო ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, შემდეგ კი, სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან „ტრანსფორდში. აღსანიშნია, რომ მომართვიანობა იყო საკმაოდ მაღალი, რაც გვახარებს როგორც დამსაქმებლებს, რადგან კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოძიება ჩვენს სფეროშიც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მეორე მხრივ, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დახმარებით, ამ პროექტის თანადაფინანსება და განხორციელება ჩვენი კომპანიისთვის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაც არის“, - განაცხადა ვასილ მაზიაშვილმა.
კომპანია „ტრანსფორდი" „Pace ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 2010 წელს, შპს „Pace International"-ის (ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია) და შპს "Pace Georgia"-ს მიერ ტვირთის გადაზიდვის ოპერაციებისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში (ფოთის პორტი) დაარსდა. შპს "ტრანსფორდი’’ ასევე ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში ოპერირებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით დასრულდა. შპს „ტრანსფორდი“ როგორც ნაყარი ასევე სხვადასხვა ტვირთების მომსახურებას ახორციელებს. კომპანიას ორი შვილობილი კომპანია შპს ბ&პ (80% წილი) და შპს მეტალექს ტრანსი (52.5% წილი) გააჩნია. „Pace ჯგუფში“ 1 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და საშუალო წლიური ტვირთბრუნვა 3.5 მლნ ტონას აჭარბებს.
(R)