გამოკითხულთა 22-22%-ის აზრით, ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები უსახლკარო ცხოველები და გზებია.
„ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)“ კვლევის მიხედვით, უსახლკარო ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას აწუხებს.
ამასთან, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს, 27%-ს არ აწუხებს, 4% კი ამბობს, რომ მის უბანში უპატრონო/ქუჩის ძაღლები არ არიან.
უსახლკარო ცხოველების მსგავსად, 22% პრობლემად გზებს, 15% - სუფთა ქუჩებს, 14% - საგზაო მოძრაობას, ასევე 14-14% საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გარემოს დაბინძურებას მიიჩნევს.
რაც შეეხება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოკითხულთა 42% თვლის, რომ ყველაზე მწვავე ჰაერის დაბინძურებაა, 23%-ის აზრით, საკვების უსაფრთხოება, 18% კი ამბობს, რომ პრობლემას დანაგვიანება წარმოადგენს.
უსახლკარო ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და ქალებს აწუხებთ. სხვა ტიპის დასახლებებთან შედარებით, თბილისს მეტად აწუხებს საგზაო მოძრაობა, ჰაერის დაბინძურება და საზ. ტრანსპორტი.
ცნობისთვის, კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.