მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“უშგულმა ის ხიბლი და ფასი დაკარგა, რაც მის არქიტექტურაში იყო” - რეგიონებში დამტკიცებული გენგეგმების აღსრულება არ ხდება

უშგული

მესტიისა და მულახის სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. მულახის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა, თუმცა მესტიაში პროცესები ამ დრომდე არ დასრულებულა, რაც კურორტის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანი ამბობს, რომ პრობლემების წინაშეა უშგულიც, სადაც განაშენიანების დოკუმენტი არსებობს, მაგრამ აღსრულება მისი არ ხდება. გუჯეჯიანის თქმით, უშგულმა დაკარგა ის ხიბლი და ფასი, რაც მის არქიტექტურაში იყო.

არქიტექტორის შეფასებით, იქამდე სანამ აღსრულების მექანიზმი არ დაიხვეწება პრობლემა ვერ მოგვარდება.

“უშგულსა და მულახში ახლაც შეგიძლიათ გაიაროთ და ნახავთ, რომ უამრავი ობიექტი აბსოლუტურად უკანონოდ, უპროექტოდ არის აშენებული. მე თვითონ ვადევნებ ამას თვალ-ყურს, როგორ ხდება ეს ყველაფერი. უშგულში ახალი უბანი წარმოიშვა, სადაც ისტორიულად არასდროს დასახლება არ არსებობდა. უშგულში დამტკიცებულია გერგე. ადრე რომ შემოვდიოდი ზაგაროს უღელტეხილიდან უშგულში, ეს იყო გარკვეული მისტიკური სურათი, სადაც ამ მკაცრ ბუნებაში კოშკების სილუეტები ამოდიოდა და ახლა იქ რომ შედიხარ, ახალი დასახლებაა, ლამჯურიში ჰქვია ამ უბანს, ჩამოყალიბდა როგორც უკვე უბანი. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ამ უბანში არის ქობულეთური არქიტექტურა. ქობულეთში ეს შეიძლება, მაგრამ უშგულში აბსოლუტურად ამოვარდნილია. უშგულმა დაკარგა ის ხიბლი და ის ფასი, რაც მის არქიტექტურაში იყო.

მე პოლიტიკოსი არ ვარ და ძალიან მიჭირს გავიგო, რატომ არ ხდება კონტროლი. ჯერ ერთი ვერ ხდება იმიტომ, რომ, მაგალითად, ჯარიმები არ არის საკმარისი და ჯარიმები რაც არის, მე ჩემს გარშემო ვისაც არ ვკითხე, ვერავინ ვერ ვნახე დაჯარიმებული. არ მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება ან ვერ მუშაობს, შესაბამისად, ასეთი პრობლემებია, ამიტომ ახლა ჩვენ შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, 2028 წლამდე ექნებათ მუნიციპალიტეტებს სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების ვალდებულება თუ 2035-მდე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ არ იქნება ამისი აღსრულების მექანიზმები დახვეწილი”, - ამბობს არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები