ოქროს ბურთის მოქმედ მფლობელ უსმან დემბელესა და “პარის სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობას შორის უთანხმოებაა. ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს. როგორც ირკვევა, 28 წლის ფრანგი თავდამსხმელი "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ ხელფასის მკვეთრად მომატებას ითხოვს, კლუბის ხელმძღვანელებიკი ამ იდეას დიდი ენთუზიაზმით არ უყურებენ.
საინტერესოა, რომ დემბელე პარიზულ გრანდში ისედაც ყველაზე დიდ ანაზღაურებას იღებს. მისი ყოველთვიური ხელფასი 1.5 მილიონი ევროა, რაც წელიწადში 18 მილიონს შეადგენს, გადასახადების გამოკლების შემდეგ კი, მას დაახლოებით 10 მილიონი რჩება.
დემბელეს გარემოცვა თვლის, რომ იმ მიღწევებიდან გამომდინარე, რაც უსმანს “პსჟ”-ში აქვს, აღნიშნული ხელფასი უკვე ძალიან მცირეა.
პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ეთანხმება იმ აზრს, რომ უსმანს მეტი ეკუთვნის, თუმცა, სახელფასო ბიუჯეტის საგრძნობლად გაზრდაც არ სურს. ამასთან, დემბელეს იმაზეც მიანიშნებენ, რომ "ოქროს ბურთი" გუნდური მუშაობის შედეგიც იყო და არა მხოლოდ მისი შემოქმედება.
ამ ფონზე “პსჟ-ში” გამორიცხავენ, რომ უსმანის ხელფასი იმ თანხებს მიუახლოვდეს, რასაც თავის დროზე ლიონელ მესი და ნეიმარი გამოიმუშავებდნენ. არგენტინელ და ბრაზილიელ ვარსკვლავებს გადასახადების გამოკლების შემდეგ, დაახლოებით 30 მილიონი ევრო რჩებოდათ.
პარიზელებს არ სურთ გაბერილ ხელფასებთან დაკავშირებული შეცდომები გაიმეორონ, რათა ფინანსურ ფეირ-პლეისთან მიმართებით პრობლემები არ შეექმნათ.




























